ფეხბურთი

16:25 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ისეთი თამაში იქნება, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ვიცით, ჩეხეთისგან რას უნდა ველოდოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეხეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქისგან ისეთი სტილის თამაშს ელოდება, როგორც ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთმა ითამაშა.

"ჩეხეთის და საქართველოს ნაკრებები თითქმის იგივე შემადგენლობით ხვდებიან ხვალინდელ შეხვედრას, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო. დაახლოებით იგივე ხასიათის თამაშს ველი. ვიცით, რა კომპონენტებშია გამორჩეული ჩვენი მეტოქე. სამი ქულის მოსაპოვებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან რთული შეხვედრა გველის.

ბოლო პერიოდში დაცვის ხაზში გარკვეული პრობლემები გვქონდა. დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, სოლომონ კვერკველია სიის დასახელების პერიოდში უგუნდოდ იყო. ასე რომ, გამოვიძახეთ ახალი სახეები. ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ძალიან კარგად ვიცნობდით. როდესაც ემპოლიში დაიწყო თამაში, გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო. გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. მისი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ახლაც და მომავალშიც.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის საოცარი შეგრძნება იყო. თუმცა, რაც უფრო მეტს მიაღწევ, ყოველთვის უფრო მეტი გინდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სწორედ ასეთი მოტივაცია აქვს. ევროპის ჩემპიონატის სახით რაღაც შესანიშნავს მიაღწიეს და მომავალში უფრო მეტის გაკეთების სურვილი აქვთ, რათა კიდევ ერთხელ მოხვდნენ ასეთი დონის ტურნირზე.

ერთა ლიგა შედარებით ახალი ტურნირია. ზოგიერთი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგისთვის კი ნაკლებად. ბევრი დიდი გუნდი ამ ტურნირს ამხანაგური მატჩებივით უყურებს, რათა მოემზადოს დიდი ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. საქართველოსთვის ერთა ლიგა ორჯერ იყო წარმატებული. ახლა უკვე B ლიგაში ვართ, სადაც ყველა მეტოქე რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას. ეს არ იქნება ამხანაგური მატჩები ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირი იყო. ამის შემდეგ, ასეთ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირება კარგია, რადგან ვნახავთ რა გვასწავლა ევროპის ჩემპიონატმა. ეს ერთა ლიგა იქნება ტესტი ჩვენთვის, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად ვისწავლეთ საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115645