ძიუდო

14:41 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარალიმპიადაზე ინა ქალდანი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პარიზის პარალიმპიადაზე ძიუდოისტი ინა ქალდანი (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველი ნახევარფინალში ჩინელ იუე ვანთან იპონით დამარცხდა. ინამ მანამდე მეოთხედფინალში ბრაზილიელი კელი ვიკტორიო იპონით დაამარცხა. მოგეხსენებათ, ქალდანი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია და ამჯერად, მეორე მედლის შანსი აქვს. ბრინჯაოსთვის ინა ყაზახ აიალა მერეკეს შეხვდება.

დღესვე, ოქროსთვის იბრძოლებს გიორგი ქალდანი (73 კგ), რომელიც ფინალშია გასული და პარალიმპურ ჩემპიონობამდე ერთადერთი მოგება აშორებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 5 მედალია, რაც რეკორდია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული და ძიუდოში ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია.

0.11795