ფეხბურთი

0:28 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "მიხარია, რომ კომბინაციური ფეხბურთით მოვიგეთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოლდოვასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კმაყოფილია გუნდის თამაშით, მაგრამ ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა იფიქრონ:

„ეს სამი ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომელიც მოვიპოვეთ და ეს გვახარებს. ამას ემატება ის, რომ თითქმის მთელი თამაში შეტევაში გავატარეთ, ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ და კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ეს გვახარებს. მომდევნო მატჩში ვიცით ვის ვეთამაშებით, რთული თამაში გველოდება ნიდერლანდებთან, მქონდა ბიჭებთან საუბარი, ვფიქრობ, რომ მზად ვართ. შანსები გვექნება და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. თავიდანვე გვქონდა მიზანი, რომ შესარჩევის ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით და ჯერჯერობით, ასეა. ამისთვის მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ეს აქამდე მოიტანა, მაგრამ ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა გულშემატკივარს, მათ მხარდაჭერას ჩვენთვის ალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ“.

კომენტარი გააკეთა გიორგი აბუაშვილმაც, რომელიც მოლდოველთა კარში მესამე გოლის ავტორია:

„ვულოცავ გუნდს, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ ძალიან კარგ გუნდთან. რაც ორმაგად სასიხარულოა, გუნდმა მაღალი ხარისხის თამაში აჩვენა, რაც მუშაობის შედეგია. ნაკრებში პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ, ორმაგი მოტივაციაა ჩემთვის, რომ მეტი გავაკეთო. ნიდერლანდებთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და მოსაგებად ვითამაშებთ. მადლობა გულშემატკივარს, 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან და მათი გულების გასახარებლად მეტს გავაკეთებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე გადასვლა ძალიან რთული იქნება, რადგან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლის შანსი რეალურია: საქართველო 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ შვედეთს, თუმცა სკანდინავიელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

შესარჩევ ეტაპზე სულ 9 ჯგუფია, რომელთა მეორეადგილოსნებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გავა ევრო 2025-ზე, ხოლო დანარჩენი ექვსი პლეი-ოფში დაწყვილდება და ორმატჩიან დუელში გამოვლინდება კიდევ 3 საგზურის მფლობელიც.

სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 9 სექტემბერს, ვენლოში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

0.116011