ფეხბურთი

21:59 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოლდოვასთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი ჩაატარა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

რამაზ სვანაძის გუნდმა ბათუმში მოლდოვას უპრობლემოდ, 3:0 აჯობა. ქართველი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და თავისუფლად შეიძლებოდა, სხვაობა გაცილებით დიდი ყოფილიყო. მეტოქეს კარშიც არ დაურტყამს.

ანგარიშიც სწრაფად გაიხსნა: მე-14 წუთზე ლაშა ოდიშარიას ჩაწოდებას გიზი მამაგეიშვილი გამოეხმაურა და ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში თავი გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა, რომელმაც შორეულ ძელთან მეკარის შეცდომით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი ისევ ოდიშარიას აქტივშია. 72-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა თავური დარტყმით, ამჯერად, გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. საგოლე პასის ავტორი ისევ ოდიშარია იყო, რომელმაც თამაში 3 ასისტით დაასრულა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე გადასვლა ძალიან რთული იქნება, რადგან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლის შანსი რეალურია: საქართველო 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ შვედეთს, თუმცა სკანდინავიელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

შესარჩევ ეტაპზე სულ 9 ჯგუფია, რომელთა მეორეადგილოსნებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გავა ევრო 2025-ზე, ხოლო დანარჩენი ექვსი პლეი-ოფში დაწყვილდება და ორმატჩიან დუელში გამოვლინდება კიდევ 3 საგზურის მფლობელიც.

სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 9 სექტემბერს, ვენლოში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო - მოლდოვა 3:0 (1:0)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

საქართველო (4-2-3-1): ხარატიშვილი; ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი; ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 57), გაგნიძე (ოსიყმაშვილი 77); ოდიშარია (რუხაძე 84), გ. მამაგეიშვილი (ეგოიანი 77), კვერნაძე; გორდეზიანი (აბუაშვილი 57)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გოლები: 1:0 გ. მამაგეიშვილი (14), 2:0 კვერნაძე (49), 3:0 აბუაშვილი (72)

0.116136