ძიუდო

21:17 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზურაბიანის ვერცხლის მედალი პარალიმპიადაზე

ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან დათმო და საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია, ნახევარფინალში კი ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა.

ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მან პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა, მედალი კი პირველად მოიპოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 5 მედალია, რაც რეკორდია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული და ძიუდოში ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთე მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია.

0.140794