ფეხბურთი

18:55 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუჩაშვილი: "მოლდოვაში თამაშის განსხვავებული სტილია და ადაპტაციისთვის ცოტა დრო მჭირდება"

ტირასპოლის „შერიფის“ ვებგვერდზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა მოლდოვურ გუნდში ადაპტაციაზე, მიზნებზე, საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე.

„რა თქმა უნდა, მეორე თამაში, „მილსამის“ წინააღმდეგ ჩემთვის უკეთესი გამოდგა. აქ ცოტა განსხვავებული თამაშის სტილი და სისტემაა. ცოტა დრო მჭირდება, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევიდე და შევეჩვიო გუნდის სათამაშო სტილს. მოლდოვის ჩემპიონატის სტილს ვგულისხმობ. საქართველოსგან განსხვავებით აქ უფრო ძალისმიერი ფეხბურთელია, თუმცა, საქართველოში თამაშის დროს ფიქრისთვის ბევრი დრო არ გაქვს, ტექნიკურადაც უკეთესი ხარისხია.

სწრაფი თამაში მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, ფეხბურთი გუნდური თამაშია, თუ ყველა მოთამაშე სწრაფად თამაშობს, მთელი გუნდიც სწრაფად თამაშობს. მოედანს მიღმა თანაგუნდელებთან იდეალური ურთიერთობა აქვს, მოედანზე კი, შეთამაშება გვჭირდება.

გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას ვგრძნობთ, მაგრამ როგორც ფეხბურთელს, მირჩევნია, სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. ვმუშაობთ, მომენტების რეალიზაციაზე, ამაში გაუმჯობესება საჭიროა.

მომწონს დომინანტური ფეხბურთი, მაღალი პრესინგი, მეტოქის თავის ნახევარზე ჩაკეტვა და პოზიციური შეტევა. ყველაზე მეტად ბურთის ფლობა მომწონს, ბავშვობიდანვე ეს ჩამინერგეს.

არ მინდა იმაზე საუბარი, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების განაცხადს მიღმა დავრჩი, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოს ნაკრებში დღეს მაღალი კონკურენციაა და ბევრი ფეხბურთელი თამაშობს კარგ ლიგაში.

ყველა ფეხბურთელთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე ახლოს დავითაშვილთან, კვარაცხელიასა და ალთუნაშვილთან ვარ. ეს ის ბიჭები არიან, რომლებსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, გუნდშიც ერთად ვთამაშობდით.

ხვიჩასთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, მას შეუძლია დაგირეკოს, დაგელაპარაკოს, ან მოგილოცოს ისეთ დროს, როცა ამას არ ელოდები. იუმორის კარგი გრძნობაც აქვს, კარგად ხუმრობს და თვითონაც ესმის ხუმრობები. გარდა ამისა, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

ჩემი საფეხბურთო კუმირი კრიშტიანუ რონალდუა. სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ ვერ ვითამაშე. მესიც დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მგონია, რომ მენტალურად კრიშტიანუ უფრო ძლიერია. ჩემთვის, ფეხბურთში მენტალურ ასპექტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისლავ კაროგლანის ვარჯიშები? თავის სისტემას გვინერგავს, უნდა, რომ ბურთი და თამაში ვაკონტროლოთ. პოზიციურ შეტევაზე ბევრს ვმუშაობთ. ის მოითხოვს, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ.

ჩემი მიზანი „შერიფში“? როცა აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ ეს დიდი კლუბი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ევროთასებზე ვერ გავედით, ძალიან მინდა ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანო“, - თქვა მამუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილმა ტირასპოლის „შერიფის“ მაისურით დღემდე ორი მატჩი ჩაატარა.

0.114566