ფეხბურთი

20:19 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელია

სტამბოლის „გალათასარაიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი. ეს აქამდეც გადაწყვეტილი იყო, ახლა უბრალოდ ოფიციალური განცხადება გაკეთდა.

ოსიმენი „ლომების“ ღირსებას 45-ნომრიანი მაისურით დაიცავს და თურქები ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს გადაუხდიან. 25 წლის ნიგერიელი სტამბოლელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ შეიძლება თანამშრომლობა იანვარში შეწყდეს.

ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე განაახლა, სანამ თურქეთში წავიდოდა, ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიელებს არ სურდათ მისი გაშვება ისე, რომ მომდევნო ზაფხულს დაბალ ფასად დაკარგვის საფრთხის ქვეშ დამდგარიყვნენ. კონტრაქტის განახლებით ოსიმენიც მოგებული დარჩა, რადგან ასე მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროდან 75 მილიონამდე შემცირდა.

შესაბამისად, იანვარში თუ გამოჩნდება კლუბი, რომელიც აღნიშნულ 75 მილიონს გადაიხდის, „გალათასარაისთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყდება და ის კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიგერიელი თურქეთში ივნისამდე დარჩება და ზაფხულში ეცდება კლუბის მოძებნას.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა. საუკეთესო სეზონი 2022-2023 წლებში ჰქონდა, როცა 26 გოლით სერია A-ს ბომბარდირი და იტალიის ჩემპიონი გახდა. მანამდე ნიგერიელი „ვოლფსბურგის“, „შარლერუასა“ და „ლილის“ რიგებში ირჯებოდა.

0.119427