ფეხბურთი

15:14 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ჩეხეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა გაირკვა

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ტურის მატჩს, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის, ისრაელის წარმომადგენელი არბიტრები იმსაჯებენ.

მთავარი მსაჯი ორელ გრინფელდი იქნება, რომელსაც როი ჰასანი და იდან იარკონი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას გალ ლეიბოვიცი შეასრულებს.

43 წლის გრინფელდს საქართველოს ნაკრების მატჩზე აქამდე ერთხელ უმუშავია: 2017 წლის 5 სექტემბერს, ვენაში, ავსტრია-საქართველოს შეხვედრა იმსაჯა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. იმ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გურამ კაშიამ და ოთარ კაკაბაძემ იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც ჩეხეთთან შეხვედრისთვის არიან ნაკრებში. ასევე, მოედანზე იყვნენ სოლომონ კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ქვილითაია, თუმცა ახლა ისინი ნაკრებში არ არიან გამოძახებული.

გარდა ამისა, გრინფელდმა იმსაჯა 2013 წლის 23 ივლისს, საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდე ნაკრებთა მატჩი (0:1), მაშინ მოედანზე ლაშა დვალი და ბუდუ ზივზივაძე იყვნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.124938