სხვა

1:59 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანი: "მეფიქრება, რომ ოლიმპიური მედალი ჩემი არაა, თუმცა მაინც არ დავნებდები"

პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში გამოსვლის შემდეგ „პირველ არხთან“ კომენტარი ირმა ხეცურიანმა გააკეთა.

როგორც მან თქვა, არ დანებდება და ეცდება, რომ ლოს ანჯელესში, 2028 წელს მოახერხოს მედლის მოპოვება.

„ალბათ, სახეზეც მეტყობა ჩემი შეფასება და ემოციებიც, იმიტომ, რომ მაქსიმალურად მშვიდად ვცდილობ მარცხს შევეგუო, მაგრამ უკვე მეორეა ოლიმპიადაზე და ძალიან რთულია. ზოგჯერ მეფიქრება, რომ ოლიმპიური მედალი ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მოგება მარტივად შეიძლებოდა და ვერ შევძელი ის საქართველოსთვის მომეტანა. ბოდიშს ვუხდი ყველა გულშემატკივარს და იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. ლოს ანჯელესის ოლიმპიადისთვის თუ ძალიან ბებერი არ ვიქნები, გუნდს არ დავტოვებ და კიდევ ვეცდები.

პარალიმპიადაზე ვერ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მინდა. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვულოცავ ვინც წარმატებას მიაღწია და კიდევ ვინც უნდა გამოვიდეს, წარმატებებს ვუსურვებ. ხვალ, ჩვენც რაპირაში გვაქვს შეჯიბრი და იმედი მაქვს, რომ ძალიან ქვემოთ არ დავრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ჩემი ძირითადი იარაღია და რაპირაშიც ძალებს ნამდვილად არ დავიშურებ“, - აღნიშნა ხეცურიანმა.

საქართველოს დელეგაციის მონაგარი მიმდინარე პარალიმპიადაზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია: ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო ტაეკვანდოისტმა, ანა ჯაფარიძემ და მოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა.

ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი დღეს კიდევ ერთხელ იასპარეზებენ, ამჯერად რაპირით შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

0.117726