სხვა

0:06 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილის ბრინჯაოს მედალი პარიზის პარალიმპიადაზე

პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ხმლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა და საქართველოს დელეგაციას მიმდინარე შეჯიბრზე მესამე მედალი მოუტანა.

თიბილაშვილმა პირველ წრეში სამხრეთკორეელი ჰიო ჯიონ კვონი 15:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში შვიდგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ჰონგ კონგის წარმომადგენელ იუ ჩუ იეს ადვილად აჯობა - 15:2. ნახევარფინალში ნინა ჩინელ ჰაიან გუსთან 6:15 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, რომლის პირველ წრეში ძალზე დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან ქართველი 12:14 მარცხდებოდა, თუმცა მობილიზება მოახერხა და 15:14 მოიგო, რის შემდგომაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო. ქართველმა მოფარიკავემ გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ ბრიანა ვიდესთან 15:11 გაიმარჯვა და ბრინჯაოს დაეუფლა. ეს მის კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალია, ტოკიოს პარალიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

დღესვე იასპარეზა ირმა ხეცურიანმა, რომელიც ასევე გავიდა ნახევარფინალში. ქართველმა მოფარიკავემ ვენესუელელი ფრანსია ხაიმეს როხასი 15:2 დაამარცხა, შემდეგ პოლონელ იადვიგა პაჩეკის დამარცხება შეძლო (15:9) და ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, ირმა ჯერ ნახევარფინალში ჩინელ რონ ქსიაოსთან 5:15 დამარცხდა, მერე რეპეშაჟში კიდევ ერთი ჩინელი მეტოქის, ლანჟუ აოს წინააღმდეგ განიცადა მარცხი. შედეგად, უმედლოდ დარჩა.

საქართველოს დელეგაციის მონაგარი მიმდინარე პარალიმპიადაზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია: ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო ტაეკვანდოისტმა, ანა ჯაფარიძემ და მოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა.

ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი დღეს კიდევ ერთხელ იასპარეზებენ, ამჯერად რაპირით შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

0.116515