ფეხბურთი

14:25 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il Mattino: კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტის განახლებას დათანხმდა

ნეაპოლური გაზეთი Il Mattino იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებას დათანხმდა, რომლის თანახმად, მას ხელფასიც მოემატება.

სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი „აძურისთან“ ხელშეკრულებას 2029 წლამდე განაახლებს.

„კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების ხანგრძლივი მოლოდინი დასასრულს მიუახლოვდა. ევროპის ჩემპიონატის დროს დე ლაურენტისის გერმანულმა მისიამ მოსალოდნელი ნაყოფი გამოიღო. იყო განახლების შეთავაზება, მნიშვნელოვანი პირობებით, რომელსაც მამუკა ჯუღელი და ქართველი ვარსკვლავის მამა დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. მეორე ვარიანტი იყო „ნაპოლიში“ დარჩენა და იმ ხელფასით თამაშის გაგრძელება, რომელსაც „აძურიში“ გადასვლის დღიდან იღებს.

განახლებული კონტრაქტი მოიცავს დაახლოებით 5 მილიონ ევროს ბონუსების ჩათვლით, რომელშიც არ იქნება გამოსასყიდი პუნქტი. ამ პირობებს ისინი დათანხმდნენ. თუმცა, კვარამ, რომელიც ცოტა ხნის წინ მამა გახდა, დაამტკიცა, რომ მისთვის ხელფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: სერია A-ს სამივე მატჩში საუკეთესოთა შორის იყო, ვერონაშიც, როცა „ნაპოლი“ განადგურდა. ეს არ არის დამთხვევა. კონტემ ის ხელახლა დაბადა, დაარწმუნა, რომ პირველი თავდამსხმელის უკან ეთამაშა და უფრო არაპროგნოზირებადი გამხდარიყო“, - წერს ნეაპოლური გაზეთი.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირაც წერს კონტრაქტის განახლებაზე, მაგრამ ის უფრო მაღალ ხელფასს ასახელებს, ვიდრე ზემოხსენებული Il Mattino:

"ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლებას უახლოვდება. ის საკვანძო მოთამაშეა და ანტონიო კონტეს პროექტში ხელშეუხებელ ფეხბურთელად ითვლება. მზად არის ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე განაახლოს, 2030 წლამდე განახლების ვარიანტით. ხელფასი წელიწადში 5.5 მილიონი ევრო იქნება, პლუს 1.5 მილიონი ევროს ბონუსი".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და 92 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 22-ჯერ საგოლე პასი შეასრულა. მას იტალიურ კლუბთან ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.105582