28 წლის ფეხბურთელი, უკვე საკმაო გამოცდილების მქონე, საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი, რაღაცის მნახველი, რაღაცის გამგონე... რატომ უნდა წახვიდე სათამაშოდ დაღესტანში, არ მესმის. აი, არ მესმის და მომკალით!
რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველების მეტი რა გვინახავს და არც არაფერი გვიკვირს, მაგრამ ახლა, როდესაც რუსული ფეხბურთი ევროპამ ჭიანი კბილივით მოიკვეთა, ორიოდ გროშის საფასური ანაზღაურების გარდა, მახაჭყალა რატომ უნდა იყოს საინტერესო თუნდაც შედარებით მცირე ამბიციის მქონე ფეხბურთელისთვის?
ალბათ, დამატებითი ახსნა-განმარტებების გარეშეც ხვდებით, რომ ვსაუბრობთ საქართველოს ნაკრების მცველ ჯიმი ტაბიძეზე, რომელმაც ბევრი ქომაგის გასაკვირად, კარიერის გაგრძელება რუსეთის ჩემპიონატის აუტსადერ კლუბში - მახაჭყალის „დინამოში“ გადაწყვიტა და ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულება ისე მარტივად და უდრტვინველად დაიკიდა ფეხზე, თითქოს ის კი არა, ჩვენ ვისხამდეთ თავსლაფს და ის კი არა, ჩვენ ვისპობდეთ ავტორიტეტს.
ის განმარტება, რომ რუსეთში აქამდეც ბევრი ქართველი თამაშობდა და რატომ „ამოვიჩემეთ“ მაინცდამაინც ჯიმი ტაბიძე, არ ჭრის, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ახლა სულ სხვა დროა, როგორც იციან ხოლმე თქმა, სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა დამდგარი და სწორი არჩევანის გაკეთება ასე მარტივი არასდროს ყოფილა - ერთ მხარეს არის ევროპა და ევროპული ფეხბურთი (რომელშიც არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც მხოლოდ ხუთ მთავარ საფეხბურთო ლიგას) და მეორე მხარესაა რუსეთი, თავისი ყველასგან დაბლოკილი და ყველასთვის კეთროვანი ჩემპიონატით.
რუსული კლუბების ევროთასებზე ვერგასვლას ვინ ჩივის, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ამხანაგურ მატჩებშიც კი უჭირს მეტოქეების პოვნა და მთელს მსოფლიოში ქილიკის საგნადაა ქცეული, თუ როგორ დადიან სხვადასხვა ქვეყანაში რუსი ემისრები და იხვეწებიან, ეგებ ვინმემ გარკვეული თანხის საფასურად მაინც იკადროს მათთან თამაში.
ჩემდა გასაკვირად და გასახარად, რუსეთის დაბლოკვის საქმეში ფიფა და უეფა შესაშურად თანმიმდევრული არიან და უკრაინის დეოკუპაციამდე არ აპირებენ რუსეთთან რაიმე სახის დათმობაზე წასვლას. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს იმას, რომ რუსეთის ჩემპიონატში კიდევ დიდი ხანი იქნება სრული სიყრუე და იქ სათამაშოდ თავმოყვარე ფებურთელები უბრალოდ აღარ წავლენ. აი, ამგვარ, სრულიად გარკვეულ და ნათელ ვითარებაში, ადგა ეს ჩვენი ჯიმი ტაბიძე და კასპიის ზღვისპირას, არცთუ სუფთა შლამში მოადინა ტყაპანი...
აქამდე ცნობილ ტაბიძეთა შორის ნაკლებად ღირსეულმა რაც ქნა, უკვე გასაგებია და ვხედავთ, მაგრამ ამასთან ისიც გასაკვირია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობამ, მწვრთნელის ვილი სანიოლის მეთაურობით, რატომ გადაწყვიტა ევროპის ერთა თასზე სექტემბრის თამაშებისთვის ჯიმი ტაბიძის ნაკრებში კვლავ გამოძახება. რამე განსაკუთრებული წინსვლა აქვს კარიერაში თუ კლასი აუმაღლდა? უტაბიძეოდ ვერაფერს გავხდებით? ხომ არ აჯობებდა, ჯიმის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ ნაბიჯზე ბუნებრივი რეაქცია გვქონოდა და ყველასგან დაბლოკილი ქვეყნის ჩემპიონატის აუტსაიდერი, ღმერთისგან დავიწყებული კლუბის მცველი უბრალოდ არ მოგვეწვია ნაკრებში?
უტაბიძეობას, ქართული პოეზიისგან განსხვავებით, ქართული ფეხბურთი მარტივად აიტანს!
P.S. და საერთოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რას ფიქრობს? წესით, ამ საკითხის სანიოლის მიერ გადაწყვეტამდე არც უნდა მისულიყო საქმე და სფფ-ს ამგვარი, ყველასთვის გასაგები პოზიცია უნდა ჰქონდეს - რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშეებისთვის ნაკრების კარი დახურულია!..
და ნუ დაიწყებთ ახლა, სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო. მშვენივრად გამოჩნდა, როცა გჭირდებათ, მყისიერად, რა შინაარსის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებინებთ ფეხბურთელებსაც და ზოგადად სპორტსმენებსაც...