ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე საინტერესო გამოდგა.
ლონდონის „ჩელსიმ“ ისევ წაიფორხილა და შინ, აქამდე უქულოდ მოასპარეზე „კრისტალ პალასს“ ვერ მოუგო. ნიკოლას ჯექსონის გოლს ებერეჩი ეზემ უპასუხა და ფრე 1:1.
ამრიგად, „ჩელსის“ სამ ტურში მხოლოდ ოთხი ქულა აქვს, გარდა ამისა, შუა კვირაში, კონფერენს ლიგაზე „სერვეტთან“ წააგო, მოკლედ, ისევ კრიზისშია. „კრისტალ პალასისთვის“ ეს პირველი ქულა იყო მიმდინარე სეზონში.
„ნიუკასლმა“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემის“ დამარცხება შეძლო. „კაჭკაჭები“ ჰარვი ბარსნის გოლით დაწინაურდნენ, ლონდონელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს წონასწორობა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ალექსანდერ ისაკმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.
„ნიუკასლ იუნაიტედს“ სამ ტურში 7 ქულა აქვს და ლიდერებშია, ხოლო „ტოტენჰემი“ სანაკრებო პაუზაზე 4 ქულით გავიდა.