ფეხბურთი

17:43 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუემ" II ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის გოლით მოიგო (+VIDEO)
30 წლის ქართველი ფორვარდი ძალიან მაგარ ფორმაშია

გერმანიის II ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად „ბრაუნშვაიგი“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

„ბრაუნშვაიგი“ მე-14 წუთზე დაწინაურდა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ბუდუს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მეკარემ ურთულესი დარტყმა მოიგერია. მასპინძლები 73-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ უპირატესობას, სანამ ანდრინ ჰუნციკერმა არ გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი, ზივზივაძე საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს აუღებელი დაურტყა! ქართველი ფორვარდი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ ხუთ მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი მიითვალა. უშუალოდ, II ბუნდესლიგაში 4 გოლით და 1 საგოლე პასით ზივზივაძე ბომბარდირთა დავაში ლიდერია ქენან კარამანთან და ფისნიკ ასლანისთან ერთად.

„კარლსრუე“ ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ-მეორე ადგილებს „დიუსელდორფთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 13 სექტემბერს, გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლებს.

0.119138