ფეხბურთი

10:42 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენს ყველა ვარიანტი ჩაეშალა: ის შეიძლება "ნაპოლიში" გუნდს ჩამოაშორონ
ოსიმენს საუდის არაბეთის და კატარის ვარიანტები დარჩა, ან კარგა ხანს გუნდს მიღმა ყოფნა მოუწევს

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ვიქტორ ოსიმენი კი ისევ "ნაპოლის" ფეხბურთელია.

„ალ აჰლისთან“ მას პირადი შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ „ნაპოლი“ ვერ შეუთანხმდა არაბულ კლუბს, იტალიელებმა 50 მილიონი ევრო მოითხოვეს, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა, „ალ-აჰლიმ“ ივან ტოუნი დაიმატა.

ოსიმენს ჰქონდა მეორე ვარიანტი „ჩელსის“ სახით, კლუბები შეთანხმდნენ, მაგრამ ლონდონელებმა ნიგერიელს მხოლოდ 4 მილიონი ევროს ხელფასი შესთავაზეს, როცა ის მინიმუმ 10 მილიონს ითხოვდა - ამიტომ, არც ეს გარიგება შედგა.

რა იქნება ახლა? ოსიმენი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ის მიმდინარე სეზონში განაცხადში ერთხელაც არ ყოფილა, ორი დღის წინ კი, „ნაპოლიში“ კონტეს ფავორიტი რომელუ ლუკაკუ მივიდა.

იტალიური მედიის ცნობით, ახლა ნეაპოლელებს იმედი აქვთ, რომ საუდის არაბეთიდან გამოჩნდება რომელიმე გუნდი, რადგან იქ სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება. არის კიდევ ერთი ვარიანტი - კატარში წასვლა, სადაც 9 სექტემბერს იხურება სატრანსფერო ბაზარი. თუმცა, ვიქტორის გამოსასყიდი თანხის გადახდა (130 მილიონი ევრო) არავის სურს, ფეხბურთელსაც პირად ხელფასზე ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კი, 2026 წლამდე აკავშირებს და 11 მილიონი ევროს ხელფასი აქვს.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ დიდი შანსია, ოსიმენი გუნდს ჩამოაშორონ იანვრამდე, სანამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნება და კლუბი ეცდება იანვარში მის გაყიდვას. აღსანიშნავია, რომ თურმე ოსიმენი ძალიან გაბრაზებულა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობაზე და მათ შორის სიტყვიერი კამათიც შემდგარა, რომ „ალ-აჰლიში“ გარიგება ჩაიშალა.

მოკლედ, ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით სრული ქაოსია, ისევ გაურკვევლობა. ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ 2020 წლიდან 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი.

0.111785