რაგბი ევროპის სუპერ თასის სამგზის გამარჯვებული ‘შავი ლომი’ 2024/25 წლების სეზონისთვის 31-კაციანი შემადგენლობით ემზადება.
გაფართოებულ რაზმში 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. მათგან 11 ისეთი მორაგბეა, რომლებსაც ‘შავ ლომში’ აქამდე არ უთამაშიათ, თუმცა რამდენიმე მათგანს ქართული რაგბის გულშემატკივარი ბორჯღალოსნებიდან იცნობს და სამშობლოში ფრანგული კლუბებიდან დაბრუნდნენ. ესენი არიან ვასილ კაკოვინი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და დავით ხუროშვილი. ამირან შვანგირაძე, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე ‘შავ ლომს’ დიდი 10-ის ჩემპიონ ქუთაისის ‘აიადან’ შეუერთდნენ, იოანე მეტრეველი ‘ლელო-სარასენსიდან’, კახაბერ დარბაიძე კი ოზურგეთის ‘არწივებიდან’.
გუნდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და სექტემბერ-ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერ თასზე ოთხ თამაშს გამართავს.
‘შავი ლომი’ სეზონს 15 სექტემბერს, ესპანეთში ‘იბერიანსთან’ მატჩით გახსნის, 21-ში ‘ლუზიტანუშს’ პორტუგალიაში ეთამაშება, 28 სექტემბერს ‘იბერიანსს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს ასევე „ავჭალაზე“ ‘ლუზიტანუშს’ დაუხვდება.
ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება და დეკემბერ-იანვარში ჯგუფური ეტაპის ოთხ შეხვედრას გამართავს. 7 დეკემბერს ის თბილისში ფრანგულ ‘ვანს’ მასპინძლობს, 15-ში კი ‘სქარლეთს’ უელსში ეწვევა. 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი ‘ბაიონა’ ჩამოვა, ხოლო 19 იანვარს ‘ედინბურგს’ შოტლანდიაში ვერკინებით.
შავი ლომი 2024/25 წლების სეზონში
შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.
RUGBY.GE