ფეხბურთი

12:12 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ფრანგი სპეციალისტის შერჩეული შემადგენლობა ევრო 2024-ის განაცხადთან შედარებით საკმაოდ გადახალისებულია: სიაში არ არის სოლომონ კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან უგუნდოდ არიან, გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია, განაცხადში არ არიან გიორგი ქვილითაია და ლევან შენგელია. სამაგიეროდ, ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ირაკლი აზაროვი, რომელიც არც ევრო 2024-ის განაცხადში იყო და არც მანამდე, მარტის პლეი-ოფის მატჩებში.

საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია - უკრაინული "ჩერკასის" წევრი, ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური "კაირათის" მცველი ლუკა გადრანი. ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.121986