ფეხბურთი

23:54 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" დირექტორი მამარდაშვილის ტრანსფერზე: "ფანტასტიკური შეთანხმებაა"

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ფანტასტიკური გარიგებაა, რადგან ბიუჯეტიც დააბალანსეს და ფეხბურთელიც ერთი წლით შეინარჩუნეს.

„ეს არის ფანტასტიკური შეთანხმება, რადგან ის ორ ვარიანტს მოიცავს: ეკონომიკურს, რომლის დაბალანსება გვჭირდებოდა, ყველა კლუბი ყიდის ფეხბურთელებს, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის სპორტულ ინტერესებს, ჩვენთან ზაფხულამდე დარჩება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა კორონამ.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 103 თამაში ჩაატარა. გიორგი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდება.

პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ინგლისურ კლუბებში სხვა ქართველებიც ყოფილან და ახლაც არის, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“, მაგრამ პრემიერლიგაში ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა არავის უთამაშია.

0.118016