ფეხბურთი

0:41 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "ვალენსიას" ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხბურთელთა ათეულში შევიდა

„ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ 30 მილიონ ევროდ გაყიდა, რასაც 5 მილიონი ბონუსად უნდა დაემატოს.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, 30 მილიონი ევროს გარიგებით მამარდაშვილი ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხბურთელთა შორის „ვალენსიას“ ათეულში შევიდა. „ღამურებმა“ აქამდე ყველაზე მეტი გაისკა მენდიეტაში მიიღეს (48 მილიონი ევრო), როცა ის „ლაციოს“ მიჰყიდეს, ხოლო მამარდაშვილი 30 მილიონით როდრიგო მორენოსთან ერთად მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს:

1. გაისკა მენდიეტა (ლაციო) – 48 მილიონი ევრო

2. ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი) – 44 მილიონი

3. შკოდრან მუსტაფი (არსენალი) – 41 მილიონი

4-5. ჟოაო კანსელო (იუვენტუსი) – 40 მილიონი

4-5. დავიდ ვილია (ბარსელონა) – 40 მილიონი

6. ანდრე გომეში (ევერტონი) – 37 მილიონი

7. ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი) – 33.5 მილიონი

8. გონსალო გედეში (ვულვზი) – 32 მილიონი

9-10. გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული) – 30 მილიონი

9-10. როდრიგო მორენო (ლიდსი) – 30 მილიონი

გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა. გიორგი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდება.

პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ინგლისურ კლუბებში სხვა ქართველებიც ყოფილან და ახლაც არის, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“, მაგრამ პრემიერლიგაში ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა არავის უთამაშია.

0.113357