ფეხბურთი

0:24 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "ლიონის" მწვრთნელმა მიქაუტაძესთან დაკავშირებით გამოსავალი უნდა მოძებნოს"

ფრანგული მედია „ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის და ალექსანდრ ლაკაზეტის კონკურენციაზე წერს.

ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებდა, რომ კლუბში მას ფორვარდის პოზიციაზე ათამაშებდნენ, პირველ ტურში „რენის“ წინააღმდეგ ასეც იყო, როცა ლაკაზეტი გუნდს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ კაპიტნის დაბრუნების შემდეგ გიორგის თადარიგში დარჩა.

„მონაკოსთან“ ერნესტ ნუამას ტრავმის გამო მიქაუტაძე მოედანზე მე-17 წუთზე შევიდა, თუმცა ფლანგზე თამაში მოუწია.

როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, „ლიონის“ მხრიდან უცნაური იყო ამ ზაფხულს ფორვარდის შეძენა, როცა ამ პოზიციაზე ისედაც ბევრი ფეხბურთელი ჰყავდა. ეს კი, მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟისთვის თავისტკივილია, რომელმაც რაც შეიძლება მალე უნდა იპოვოს სწორი ფორმულა, რომ მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთად ათამაშოს.

ფრანგები ასევე აღნიშნავენ, რომ „ინტერის“ გარდა, სადაც წყვილში მარკუს ტურამი და ლაუტარო მარტინესი თამაშობენ, იშვიათია მაღალი დონის კლუბი, რომელიც ერთდროულად ორი ფორვარდით თამაშობს და ამის გაკეთება არც საჟს სურს. ამიტომ, მიქაუტაძის მდგომარეობა რთულდება და შეიძლება სხვა პოზიციაზე თამაშით მოუწიოს დაკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ მისი პოზიცია 9 ნომერია და ფორვარდად თამაში სურს.

„ლიონი“ ლიგა 1-ში ორი ტურის შემდეგ უქულოდ და უგოლოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 30 აგვისტოს, „სტრასბურთან“ გამართავს.

0.129012