გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
ქართველი მეკარის შემოწმება ვალენსიაში, კლინიკა IMED-ში ჩატარდა, რომელიც თითქმის 5 საათი მიმდინარეობდა. როგორც El Chiringuito წერს, ინგლისურმა კლუბმა გიორგის დეტალური სამედიცინო ანალიზი ჩაუტარა.
ახლა მხარეებს შორის დარჩენილია კონტრაქტის გაფორმება, რომელიც 6-წლიანი იქნება. „ვალენსია“ ბონუსის ჩათვლით 35 მილიონ ევროს მიიღებს და მომდევნო ტრანსფერიდან 10%-იც ერგება. გარდა ამისა, ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ დარჩება. გარდა ამისა, "დინამო თბილისი" მიიღებს "ლივერპულში" ტრანსფერისგან 10%-ს, შესაბამისად, 3.5 მილიონ ევროს.
გიორგიმ მოკლე კომენტარიც გააკეთა El Chiringuito-სთან: „ყველაფერი კარგადაა, ძალიან ბედნიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა.