ფეხბურთი

22:40 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელები: "კვარაცხელია სრულყოფილია, ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია"
"მას არ აქვს ტექნიკურად საზღვრები, ლუკაკუსთან ერთად მოედანზე მეტი სივრცე გაეხსნება"

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონია“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელები ქართველზე საუბრობენ და მას აქებენ:

„ნორმალურია, რომ ნაპოლი ახალ ციკლს კვარაცხელიას გარშემო აწყობს. კონტემ თავიდანვე ნათლად თქვა, რომ მას მოიაზრებდა პროექტის ცენტრში და სწორი იქნება კონტრაქტის კორექტირებაც. ლუკაკუსთან ერთად მას უფრო მეტი სივრცეები გაეხსნება და ქართველს კიდევ უფრო უკეთ თამაში შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ „ნაპოლიმ“ მოიგო და ასე უნდა გააგრძელოს“, - თქვა „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ.

კიდევ ერთი ვეტერანი, დარიო მარკოლინი ამბობს, რომ ძლიერ ფეხბურთელებს ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ და კვარაცხელია სრულყოფილი მოთამაშეა:

„როდესაც ფეხბურთელი ძლიერია, მას ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიცანით კვარაცხელია, რომელიც ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ დიდებული ფეხბურთელები მოედანზე პოზიციას თავად ირჩევენ და ის ძალიან კარგად თამაშობს. კვარაცხელიას მეურვეობისთვის ორი ფეხბურთელია საჭირო, რადგან არაპროგნოზირებადია, მარჯვენა ფეხით შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მარცხენა ფეხითაც წარმოუდგენლად მოქმედებს. დღეს ის სრულყოფილი ფეხბურთელია და ბოლოს და ბოლოს, ისევ ძველი კვარა ვნახეთ, რომელიც გუნდის ტექნიკური ლიდერია“, - თქვა მარკოლინიმ.

„იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ ყოფილი ნახევარმცველი მასიმო მაურო ფიქრობს, რომ კვარას ტექნიკურად საზღვრები არ აქვს და თუ კარგად არის, ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია:

„გვინდა ვისაუბროთ პირველ გოლზე? კვარას პასი, დი ლორენცოს მარჯვენა ფეხით მიღება და მარცხენათი დარტყმა, ყველაფერი იდეალური იყო. თუ კვარაცხელია კარგადაა, ნებისმიერ ადგილას თამაში შეუძლია, რადგან მოედნის ხედვა აქვს. ნახეთ, რა პასი მისცა დი ლორენცოს? მას არ აქვს ტექნიკური შეზღუდვები, შეუძლია სადაც უნდა, იქ ითამაშოს, მაგრამ ფიზიკურად კარგად უნდა იყოს. გარდა ამისა, უნდა გახდეს გუნდის ლიდერიც ამისთვის საჭიროა, მოედანზე ნაკლებად დაეცეს და მსაჯებთან ნაკლები იკამათოს“, - თქვა მაურომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

0.12008