ფეხბურთი

19:22 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კონტესთვის კვარა-დი ლორენცოს შექმნილი გოლი ყველაზე მეტად საამაყოა"

იტალიური მედია „ნაპოლის“ გოლზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი პასით გაიტანა.

საქმე ისაა, რომ დიდი შანსი იყო, ზაფხულში ორივეს დაეტოვებინა „ნაპოლი“, მაგრამ ანტონიო კონტემ გუნდში მოსვლის შემდეგ პირველი რაც გააკეთა, მათი შენარჩუნება იყო. სიმბოლურია, რომ კონტეს „ნაპოლის“ პირველი გოლი სწორედ ამ ფეხბურთელებმა შექმნეს.

Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტი ალბერტო პოლვეროზი კვარაცხელიას საგოლე პასს და დი ლორენცოს გოლს შემდეგი წერილით გამოეხმაურა:

„225 წუთი, 5 ტაიმი პირველი გოლის გასატანად. ორი ტაიმი „მოდენასთან“, ორი ვერონაში და ერთი „ბოლონიასთან“, რომლის კომპენსირებულ დროში კვარაცხელიამ და დი ლორენცომ კონტეს „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში პირველად დააწინაურეს.

მაგრამ თუ არსებობდა ერთი გოლი, რომელიც მწვრთნელს სიამაყის განცდით აავსებდა, სწორედ, რომ ეს გოლი იყო. თუნდაც მისი სილამაზის გამო, მაგრამ განსაკუთრებით ის სახელების გამო, რომლებმაც შეტევა დაასრულეს: კვარაცხელიას ფანტასტიკური პასი და დი ლორენცოს გოლი. ორი ფეხბურთელი, რომლებიც „ნაპოლისგან“ შორს იყვნენ და რომ არა კონტეს ძალა, ვინ იცის, დღეს სად იქნებოდნენ“, - წერს პოლვეროზი.

კიდე ერთი გამოცემა Sportmediaset-ი ამახვილებს ყურადღებას ამ გოლზე, რომელშიც კვარა და დი ლორენცო მთავარი გმირები იყვნენ:

„ანტონიო კონტეს ვერ წარმოედგინა „ნაპოლი“ ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. სატრანსფერო ბაზრის ყველაზე ცხელ დღეებში დე ლაურენტისს მუდმივად უმეორებდა, რომ არ სურდა კაპიტნის დაკარგვა, რომელიც მზად იყო პრობლემური სეზონის შემდეგ სხვაგან წასულიყო და ქართველის წასვლა, რომლის გადაბირებას პსჟ დიდი ფულით ცდილობდა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

0.129919