ფეხბურთი

14:48 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ამ ზაფხულს ცდილობდა „ბარსელონაში“ დაბრუნებას, კატალონიელებმა მას უარი უთხრეს

საუდური „ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ დაბრუნებას ცდილობდა. ფეხბურთელმა კატალონიელებს თავისი მომსახურება შესთავაზა, მაგრამ კლუბმა მის კანდიდატურაზე უარი თქვა - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჟერარ რომერო.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ შეტევის მარცხენა ფლანგზე ნამდვილად ეძებდა გაძლიერებას. კლუბმა ნეიმარი არ ისურვა ფეხბურთელის სერიოზული ტრავმის გამო. ასევე, „ბლაუგრანა,“ ალბათ, ვერ დააკმაყოფილებს ვარსკვლავი ბრაზილიელის ფინანსურ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მძიმედ დაშავდა 2023 წლის ოქტომბერში, ურუგვაისთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს, რომელშიც ბრაზილიელები 0:2 დამარცხდნენ.

ნეიმარი „ალ-ჰილალში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117824