ფეხბურთი

3:10 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: "მამარდაშვილის ტრანსფერი კარგია, მაგრამ არ დავბერებულვარ, ჯერ წასვლას არ ვაპირებ"
"მინდა, კონტრაქტის ბოლომდე დავრჩე ან იქნებ, ახალიც გავაფორმო"

„ლივერპულის“ მეკარემ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ბრაზილიელი მეკარე იწონებს „ლივერპულის“ იდეას ქართველი მეკარის შეძენაზე და ფიქრობს, რომ კლუბი მომავლისთვის უნდა მოემზადოს. თუმცა, ალისონმა ასევე თქვა, რომ კონტრაქტის ბოლომდე სურს გუნდში დარჩენა და მიმდინარე ზაფხულს საუდის არაბეთის შემოთავაზებაც უარი თქვა.

„მამარდაშვილის ტრანსფერი? კლუბი მომავლისთვის უნდა მოემზადოს. სამუდამოდ აქ ვერ დავრჩები, დავბერდი... არა, მეკარისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ბევრი ენერგია მაქვს და კიდევ ბევრი მაქვს ამ კლუბისთვის გასაკეთებელი.

თუმცა, ისინი უნდა მოემზადონ მომავლისთვის. ვფიქრობ, მამარდაშვილის ტრანსფერი კარგი იდეა იყო, ამის შესახებ მანამდე ვიცოდი, სანამ სოციალურ ქსელში გავრცელდებოდა ინფორმაცია. კლუბმა მითხრა და ეს კარგი გზავნილია ჩემთვის, რადგან კლუბს აინტერესებს, რას ვფიქრობ. ისინი ჩემი აზრით, სწორად იქცევიან. ჩემი მხრივ, სანამ კლუბთან კონტრაქტი მაქვს და სანამ აქ ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი ბედნიერია და კლუბიც კმაყოფილია ჩემით, აქ დავრჩები.

კლუბთან მაქვს კონტრაქტი კლუბთან და მინდა ის ბოლომდე დავასრულო ან ახალიც გავაფორმო. აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი ბედნიერია. არასოდეს მივსულვარ იმ ეტაპამდე, რომ ხელფასზე ან მსგავს რაღაცებზე მელაპარაკა საუდელებთან. უბრალოდ, ინტერესი იყო. როდესაც გესმით ისეთი ხელფასების შესახებ, რომლებსაც იქ ფეხბურთელები იღებენ, ცოტათი მიმზიდველია, ეს ნორმალურია, მაგრამ მეტი არაფერი, რადგან ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთს სიყვარულისთვის თამაშობ, ეს არის ის, რისი კეთებაც მომწონს.

თუმცა, ეს ჩვენი პროფესიაა და გვსურს, ეს წლები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვფიქრობ, პირადად მე, ღია ვარ ამისთვის, მაგრამ ახლა არა, ახლა ამის დრო არ არის. ნამდვილად ორიენტირებული ვარ „ლივერპულზე“ და სანამ ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს. თუ კლუბის ინტერესშია მოლაპარაკება, მაშინ სხვა საუბარი იქნება. ამჟამად ორიენტირებული ვარ ლივერპულში ჩემს ცხოვრებაზე. არასოდეს მიფიქრია წასვლაზე, ყოველთვის გადაწყვეტილი მქონდა დარჩენა. როგორც ადრე ვთქვი, კლუბთან მაქვს 2+1-წლიანი კონტრაქტი, კლუბსაც სურს, რომ გუნდში ვიყო, ამიტომ ახლა არ წავალ, არც მიფიქრია ამაზე. საუდის არაბეთიდან ინტერესი იყო, მაგრამ ჩემი არჩევანი ყოველთვის იყო დარჩენა, ფოკუსირება იმაზე, რისი მიღწევაც შეგვიძლია ახალ სეზონში“, - განაცხადა ალისონმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულს“ აქტიურად უკავშირებენ და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ქართველი ინგლისურ გრანდთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მიმდინარე სეზონს იჯარით „ვალენსიაში“ გაატარებს, შესაბამისად, „ენფილდ როუდზე“ მომდევნო ზაფხულს გადაბარგდება.

0.113597