ჭიდაობა

1:57 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, მაისურაძემ ვერცხლი მოიპოვა

იორდანიის ქალაქ ამანში თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც კონსტანტინე პეტრიაშვილმა, რომელიც გენო პეტრიაშვილის ძმაა, ფინალში გასვლა შეძლო, ხოლო ნიკოლოზ მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, სამი მოჭიდავე იყო ახლოს ბრინჯაოსთან, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა სამივემ წააგო.

პეტრიაშვილმა (92 კგ) ფინალამდე ამერიკელი ჯონ დიაკომიჰალისი (7:5), ყირგიზი ფარუხ მომუნჟანოვი (7:0) და ალიაკსეი ხადონოუ (14:4) დაამარცხა, ხოლო ფინალში დღეს როდიონ სანაკოევს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ მაისურაძემ ფინალამდე მონღოლი განბატ ცერენპუნცაგი (10:0), აზერბაიჯანელი მაჰამად აბასზადა (7:1), ინდოელი ვევლიკ ვევიკი (12:2) და უკრაინელი არტურ კოსტიუკი (4:0) დაამარცხა, ხოლო ფინალში ირანელ რეზა ალიაკბარ აფშართან დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულის გამო დამარცხდა (1:1) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეჯიბრს უმედლოდ დაემშვიდობნენ ლევან ნოზაძე (45 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, თემურ თუთარაშვილი (48 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო, გუგა მაჭარაშვილი (51 კგ), მათე ცინაძე (55 კგ), აკაკი მაზმიშვილი (60 კგ), რატი რევაზიშვილი (65 კგ), რომელმაც ასევე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში განიცადა მარცხი, ლუკა ტატიაშვილი (71 კგ) და გიგია ლუქუნიძე (110 კგ) - მანაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველომ ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.113009