ფეხბურთი

14:10 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა ჭირს ბრაზილიის ნაკრებს?

თუკი ბოლო წლებში სადმე დიდი ფული ჩაიდო და ინფრასტრუქტურა გაიმართა, პირველყოვლისა ეს ბრაზილია იყო. ძალმოსილი ნავთობის გამოისობით ბრაზილიის სახელმწიფომ იმდენი მოახერხა, რომ მათი საკლუბო ფეხბურთი დღეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე რეიტინგის პირველ ადგილზეა და მოსისხლე არგენტინასაც კი გადაასწრო, რაც ისტორიულთან ერთად სიმბოლური მოვლენაცაა, რადგან ეს ხდება იმ ფონზე, როცა არგენტინის ნაკრები უკანასკნელი ექვსი წელია ლამის ყველაფერს იგებს ოლიმპიადის გარდა.

ბრაზილიურ ფეხბურთში დიდი ფულის ჩადება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, როდესაც მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებამ „აღმოაჩინა“, რომ მუნდიალის მასპინძელ ბრაზილიაში არსებული კორუფიისა და სხვა მამაძაღლობების გამო სტადიონებიც უხარისხოდ იყო აშენებული და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურაც რბილად რომ ვთქვათ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამას დაემატა „სელესაოს“ სამარცხვინო მარცხი გერმანიასთან და როგორც ჩანს ზედმეტად ბევრმა პრობლემამ ცივი შხაპივით იმოქმედა და ამის დამსახურებაცაა რომ ახლა ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთი სხვადასხვა კუთხით შესამჩნევად წავიდა წინ.

ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის დიდი ნახტომი უკეთესად სხვა რაში შეიძლება გამოხატულიყო თუ არა სამხრეთ ამერიკის უმთავრეს საკლუბო ტურნირში? ბოლო წლებში კოპა ლიბერტადორესის გათამაშება ლამის ბრაზილიის შიდა საკლუბო ტურნირად იქცა. სტატისტიკა გნებავთ? ინებეთ!

კოპა ლიბერტადორესი 2023 წელს “ფლუმინენსემ”, 2022 წელს “ფლამენგომ”, 2020 და 2021 წელს “პალმეირასმა” და 2019 წელს “ფლამენგომ” მოიგეს და გამოდის რომ უკანასკნელი 7 წლის მანძილზე ამ თასს მხოლოდ ბრაზილიელები იგებენ. აგერ ახლაც (2023-2024 წლების გათამაშებაში) ზემოთაღნიშნული თასის მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან 6 ბრაზილიას წარმოადგენს და მხოლოდ კინკილა გუნდები შემორჩათ არგენტინასა და ურუგვაის. ჰეგემონია სხვა მეტი რაღა უნდა იყოს?

და ახლა როდესაც თითქოს ყველაფერი ასე აშკარაა და ნათელი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები არათუ ვერაფერს იგებს, წარუმატებლობის სიმბოლოდ იქცა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა ყველაზე თავგადაკლულ გულშემატკივრებსაც კი ნაკლებად სჯერად რაიმე სახის წარმატებებისა.

რა ჭირს სელესაოს? - ამის ზუსტი მიზეზების დადგენა ყველას უჭირს. ერთნი ამბობენ, საკლუბო ფეხბურთის დონის ზრდამ სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გაზრდილი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელების მასობრივად ჩამოყვანა განაპირობა, რამაც ხელი შეუშალა ადგილზე კადრების მომზადების ისედაც რთულ და მრავალწლიან რუტინულ პროცესსო.

სხვების აზრით, ბრაზილიას უბრალოდ არ უმართლებს და არც მსაჯები სწყალობენ, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ სერიოზულ არგუმენტად ვერ გამოდგება. არიან ისეთები, რომლებიც წლების მანძილზე მრავალ წარუმატებლობას ცრურწმენით ხსნიან და ათას მჩხიბავურ სისულელეს აზღერთებენ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ლეგენდარული ფილიპე სკოლარის განარტება, რომელიც ფეხბურთით “დაავადებული” ახალგაზრდების შემცირებაზე აკეთებდა აქცენტს. “დიდი ფილის” აზრით, თანამედროვე ტექნოლოგები, ე.წ. გაჯეტები, მთელი ბრაზილიის ინტერნეტიზაცია ბავშვებს “აბამს” სახლებში და იმის ნაცვლად, რომ პლაჟებზე თუ ფაველას მტვრიან ქუჩებში ბურთი აგორონ, ეკრანებს მიმსხდრები ან ტელეფონმომარჯვებლები სულ სხვანაირ გართობას ანიჭებენ უპირატესობას.

ერთი სიტყვით, ვერსია და მიზეზი მრავალგვარია. ფანტაზიამოძალებულ სამხრეთელს კი რასაკვირველია არასოდეს გამოელევა თავისებური ახსნა ყველა უცნაურობისა, რაც მის ირგვლივ ხდება. მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება და საკლუბო ფეხბურთში წარმატებების მიუხედავად, სანაკრებოში საიმედო არაფერი ჩანს. პრინციპში ჩვენც ასე არა ვართ? ოღონდ პირიქით - ჩვენთან საკლუბო ფეხბურთი გარდაიცვალა…

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112348