რაგბი

18:48 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

GPS-ები ქართული კლუბებისთვის

სპორტული GPS-ების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Pitchero-ს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და ქართული კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შიდა ჩემპიონატის რეფორმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, დიდი 10-ის ყველა კლუბი ვალდებულია ფლობდეს GPS სისტემებს, რაც მათ მზადებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს წესი არ შეეხო მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსა’ და თბილისის ‘არმიას’, რომლებიც დიდ 10-ში წელს აღზევდნენ და 1-წლიანი გარდამავალი პერიოდი აქვთ.

კლუბებს შეეძლოთ GPS სისტემები მსოფლიო რაგბის მიერ აკრედიტირებული ნებისმიერი კომპანიისგან შეეძინათ. კვლევამ აჩვენა, რომ Pitchero-ს პროდუქცია კონკურენტებს დაბალი ფასით და მოხმარების სიმარტივით ჯობნიდა და არჩევანიც მასზე შეჩერდა.

დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, Pitchero-ს წარმომადგენელი დიდი 10-ისა და პირველი ლიგის მწვრთნელებსა და ფიზ. მომზადების სპეციალისტებს შეხვდა, მათ GPS-ების მოხმარების წესები აუხსნა და პრაქტიკაშიც გამოაცდევინა.

„საქართველოს რაგბის კავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შიდა ჩემპიონატების დონის და თამაშების ხარისხის გაუმჯობესებაა. GPS-ები კლუბებს უკეთ მომზადებაში დაეხმარება, რაც ჩემპიონატსაც უკეთესს გახდის. ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული რაგბის განვითარების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ Pitchero-ს წარმომადგენლები შეხვდნენ არა მხოლოდ იმ კლუბებს, რომლებმაც მისგან პროდუქცია შეიძინეს, არამედ პირველი ლიგის კლუბებსაც, რომელთაც გააცნეს ის სარგებელი, რისი მოტანაც GPS სისტემებს შეუძლიათ“ – აღნიშნა რაგბის კავშირის განვითარების დირექტორმა რამა ჩანდიმ.

RUGBY.GE

0.124615