ფეხბურთი

1:12 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგა: "ჩელსი" ჯგუფს მიუახლოვდა, გიბრალტარის და სომხეთის გუნდების გამარჯვებები

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი ლონდონის „ჩელსიმ“ ჟენევის „სერვეტთან“ 2:0 მოიგო და ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა.

ენცო მარესკას გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა, როცა კრისტოფერ ნკუნკუმ და ნოდი მადუეკემ ორი გოლი გაიტანეს. „ჩელსიმ“ იმარჯვა და წესით, ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

ფლორენციის „ფიორენტინამ“, რომელიც კონფერენს ლიგის ბოლო ორი გათამაშების ფინალისტია (თუმცა ორივე ფინალი წააგო), მოულოდნელად შინ ვერ მოუგო უნგრულ „პუშკაშ აკადემიას“. მე-12 წუთისთვის ფლორენციელები შინ 0:2 მარცხდებოდნენ. შემდეგ სამი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს სტუმრებმა გაათანაბრეს და 3:3.

სევილიის „ბეტისმა“ სტუმრად უკრაინული „კრივბასი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა ჯგუფში თამაში.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ერევნის „პიუნიკის“ მოგება, რომელმაც 1:0 დაამარცხა სლოვენიური „ცელიე“ და უპირატესობა მოიპოვა. გიბრალტარის „ლინკოლნმა“ შინ 2:1 სძლია ჩრდილოირლანდიურ „ლარნეს“ და ნაბიჯი გადადგა ჯგუფისკენ, რაც გიბრალტარებისთვის უდიდესი წარმატება იქნება.

ფარერების „კლაკსვიკი“ ფინურ „ჰიკს“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ, ფრეს დასჯერდა - 2:2. მიუხედავად ამისა, შანსს ინარჩუნებს.

პოლონეთის მეორე ლიგის ბინადარმა კრაკოვის „ვისლამ“ მორიგი სასწაული ვერ მოახდინა და ბელგიურ „სერკლ ბრიუგესთან“ საკუთარ მოედანზე 1:6 განადგურდა.

მანამდე, დავით ვოლკოვის და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა“ 0:6 განადგურდა „ომონიასთან“, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ კი 2:0 სძლია „კილმარნოკს“ და ქართველი მცველი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119668