რაგბი

21:15 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | ტაიმი არც ირლანდიასთან გვეყო

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში ირლანდიას პირველი ტაიმი მოუგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და პაარლის ვაჟთა სკოლის მოედანზე მეტოქემ 2 ქულის სხვაობით, 17:15 გაიმარჯვა.

ინგლისთან 4 დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჯერ 12:0 დაწინაურდნენ, შესვენებაზე კი 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მაგრამ ირლანდიამ ზურგქარში შეძლო თამაშის შემოტრიალება და იღბალიც მათ მხარეს აღმოჩნდა.

პირველ 35 წუთში საქართველო სამჯერ შევიდა მეტოქის 22-ში და სამივეჯერ აიღო ქულა. თამაშის დებიუტში ირლანდიელები რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, მათ 22-ში აუტი მოვიპოვეთ, იქიდან მძლავრი მოლი ავაგორეთ და ანრი შველიძემ ანგარიში გახსნა. საპასუხოდ ირლანდიამ მაგრად შემოგვიტია და ფაზები აკინძა, თუმცა წითელ ზოლში თავი დავიცავით და მეტოქის 15-20 წუთიანი მიძალება მოვიგერიეთ.

26-ე წუთზე მეორედ გადავედით ირლანდიელთა ნახევარზე, 22-ში დერეფნიდან კიდევ ერთი მოლი დავაყენეთ და ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის შვილმა დუბლი გაიფორმა. გიგი სირბილაძემ ორიდან ერთი ლელო გარდასახა. ირლანდიელეთა შეტევებმა შედეგი 32-ე წუთზე გამოიღო და ოფლოუდის შემდეგ გარდასახული ლელო გავიდა, მაგრამ დასკვნით წუთებში მესამედ მივუახლოვდეთ მეტოქის 22-ს, ჯარიმა გამოვიმუშავეთ და სირბილაძემ კარგის წინიდან გაიტანა – 15:7.

მეორე ტაიმის დიდმა ნაწილმა მეტოქის შეტევებში ჩაიარა. ირლანდიამ ბურთზე კონტროლი კარგად გამოიყენა და სწრაფი, ხელდახელ გათამაშების შემდეგ 42-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. 5 წუთში მათ ჯარიმით შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი იყო.

59-ე წუთზე ირლანდია მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა იქვე შეცდომა დავუშვით, მეტოქეს ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით და ამჯერად დარტყმა ზუსტი იყო. დასკვნით წუთებში საქართველომ შეუტია, 20-ზე მეტი ფაზა აკინძა და ირლანდიის 22-ში დიდი დრო გაატარა, ლევან ეზიეშვილმა ლელოს ხაზიც გადაკვეთა, თუმცა ბურთის დამიწება ვერ მოახერხა. ბოლო წუთზე კარიდან 40 მეტრში ჯარიმა მაინც გამოვიმუშავეთ, მაგრამ დარტყმული მიზანს ასცდა და თამაში 15:17 დასრულდა.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 20 აგვისტო. პაარლი

საქართველო – ირლანდია 15:17 (15:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თვაური (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 11. დავით ბარბაქაძე (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. ლუკა გაბუნია (აია); 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 23. დავით არავიაშვილი (არმაზი), 24. იოანე ბასილაია (ლელო), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

2 ლელო: შველიძე

1 გარდასახვა: სირბილაძე

1 ჯარიმა: სირბილაძე

RUGBY.GE

0.11747