საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო საგა გრძელდება.
როგორც ესპანური გამოცემა Relevo წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება გამოსავლის საპოვნელად. „ლივერპული“ მზადაა დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო „ბორნმუთი“ ერთწლიან იჯარაში 5 მილიონს იხდის, ასე რომ, შეთავაზება „ვალენსიას“ მოთხოვნილ 40 მილიონს უახლოვდება.
თუმცა, „ბორნმუთს“ პასუხი ეჩქარება, რადგან მეკარის პოზიციაზე უკვე ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს. გიორგის იჯარით დამატებაზე პრემიერლიგის სხვა კლუბებიც არიან თანახმა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. თავის მხრივ, მამარდაშვილი მზადაა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმოს და ერთი წელი იჯარით სხვაგან ითამაშოს, თუნდაც „ვალენსიაში“, მაგრამ ამ შემთხვევაში ესპანურ კლუბს ზემოხსენებულ 5 მილიონ ევროზე მოუწევს უარის თქმა.
თავის მხრივ, AS-ი იტყობინება, რომ "ვალენსიას" პრეზიდენტი პიტერ ლიმი შეუვალია და 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს ქართველის გაყიდვას - არც ერთი ცენტით ნაკლები! "ვალენსიას" მიმდინარე ზაფხულს არ უდგას დღის წესრიგში მამარდაშვილის გაყიდვის აუცილებლობა, ამიტომ, თუ 40 მილიონს არ გადაიხდიან, ქართველი დარჩება. თავის მხრივ, "ლივერპული" 35 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 10 დღე რჩება, შესაბამისად, უახლოეს დღეებში ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაირკვეს.