ფეხბურთი

2:15 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" დირექტორი: "მამარდაშვილის შეძენა ძალიან სურთ, მაგრამ ჯერ ჩვენთანაა"
მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება: "ლივერპულის" შეთავაზება ცნობილია

„ვალენსიას“ ფანები გიორგი მამარდაშვილს დარჩენას სთხოვენ. „ბარსელონასთან“ შეხვედრის წინ გახურებაზე მოედანზე გასულ ქართველ მეკარეს ადგილობრივი პუბლიკა ტაშით და შეძახილებით დახვდა: „გიორგი დარჩი“.

მატჩამდე ესპანურ მედიასთან „ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამაც დაადასტურა, რომ მამარდაშვილის წასვლის შანსი არსებობს:

„ფანტასტიკურია იმის დანახვა, თუ რამდენად სურთ ფანებს მისი დარჩენა. მართალია, სატრანსფერო ბაზარზე ის ძალიან სურთ, მაგრამ მეტი არაფერია და ამ მომენტისთვის ის ჩვენთანაა. დიდი ინტერესია ერთი კლუბისგან, მაგრამ როგორც ვთქვი, ახლა მეტი არაფერია“, - თქვა კორონამ.

ამავდროულად ბრიტანული მედია წერს, რომ უახლოეს ხანში „ლივერპულთან“ გარიგება საბოლოოდ შეიძლება დაიხუროს და მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ „წითლები“ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებენ „ვალენსიას“, ხოლო 4 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს „ბორნმუთი“ გადაიხდის იჯარისთვის. ამრიგად, თანხა თითქმის იქნება 40 მილიონი ევრო, რასაც „ვალენსია“ ითხოვს.

შესაბამისად, თუ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან მამარდაშვილი შეთანხმებულია „ლივერპულთან“ და იმაზეც თანახმაა, რომ იჯარით „ბორნმუთში“ გადავიდეს...

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მან ესპანურ კლუბში 101 თამაში ჩაატარა. ქართველმა მეკარემ ეს სეზონიც „ღამურებში“ დაიწყო და „ბარსელონას“ წინააღმდეგ (1:2) ითამაშა.

0.115063