გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ქართველი ჯერჯერობით „ვალენსიაშია“ და სეზონიც ესპანურ კლუბში დაიწყო.
ლა ლიგის პირველ ტურში რუბენ ბარახას გუნდი შინ „ბარსელონასთან“ დამარცხდა, არადა თავიდან უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა და დაწინაურდა კიდეც.
45-ე წუთზე თავური დარტყმით უგო დურომ გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ვალენსიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რადგან ლამინ იამალის პასის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა. მეორე ტაიმის დასაწყისში პოლონელმა პენალტით დუბლი შეასრულა და მერე არაფერი შეცვლილა - 1:2.
გიორგი ტრადიციულად საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის, ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო (7 ქულა) და 6 სეივიც მიითვალა. თუმცა, „ლოს ჩე“ უქულოდ დარჩენისგან მაინც ვერ იხსნა.
„ვალენსია“ მეორე ტურის მატჩს 23 აგვისტოს, სტუმრად ვიგოს „სელტასთან“ ჩაატარებს.