უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან რევანშის აღებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მეტოქემ მეორე ტაიმში იმძლავრა და ისე, როგორც 4 თვის წინ, ამჯერადაც ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში იმძლავრა – 27:20.
აპრილში, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ინგლისმა გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 26:19 მოიგო. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში, საქართველომ მეტოქე პირველ ტაიმში პირწმინდად დაჯაბნა და 15 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ გამოცდილმა მეტოქემ თამაშის შემობრუნება მოახერხა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმში ძალიან მაგარი დაცვა ითამაშეს, ხისტი ბოჭვებით ინგლისი წნეხში მოაქციეს, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ლამაზი კომბინაციებით ერთი მეორეზე უკეთესი ლელოები გაიტანეს. შესვენების შემდეგ უმეტესად უბურთოდ დავრჩით, რითაც მეტოქემ ისარგებლა და რევანშის აღების შესაძლებლობა არ მოგვცა.
თამაში ინგლისის სწრაფი შეტევებით დაიწყო, რასთან გამკლავებაც საწყის წუთებზე გაგვიჭირდა, რამდენიმე შეცდომა დავუშვით და თავგანწირული დაცვის მიუხედავად, მე-6 წუთზე ლელო მივიღეთ. სადებიუტო მღელვარების გადალახვის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე წნეხში მოაქციეს და ერთი მეორეს მიყოლებით შეცდომები დააშვებინეს. საპასუხო ლელოს გატანის შანსი მალევე გვქონდა, მაგრამ შერკინებიდან შეტევის შემდეგ, ლელოდან 6 მეტრში არასწორი გადაყრისთვის დავჯარიმდით.
მიუხედავად ამისა ბურთი სწრაფად დავიბრუნეთ, ინგლისი კარის წინ 35 მეტრში დაჯარიმდა და გიგი სირბილაძემ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. საქართველო სრულად დაეუფლა სათამაშო ინიციატივას. ხისტ ბოჭვებს და აგრესიულ ახურვებს ინგლისელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ერთი მეორეს მიყოლებით დაუშვეს შეცდომები. ერთ-ერთი ასეთი შეცდომის შემდეგ, 22-ის მისადგომებთან დანიშნული შერკინებიდან სწრაფად შეიცვალა შეტევის მიმართულება, მოკლე ფრთაზე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოვჩნდით, ნიკოლოზ ხალვაშმა მცველები დაქნევებით ორჯერ დააბნია და საპასუხო ლელო გაიტანა.
თამაში რომ განახლდა ხალვაშმა მარცხენა ფრთაზე კიდევ ერთხელ შეუტია, გივი სოსელიას პასის შემდეგ ბურთი ფეხით გადაიკიდა და მიყვა, მაგრამ ლელოში შესული ოვალი გვერდით ხაზს იქით გადავიდა. 24-ე წუთზე საბა შარვაშიძის შესრულებულ ძალიან მაგარ ბოჭვას კონტრ-რაქი და ჯარიმა მოყვა. ამჯერად უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში ირჩიეს, მოლით კარგადაც იარეს და ინგლისი მისი ჩაქცევისთვის დაჯარიმდა.
სირბილაძემ ბურთის აუტში გადატანას გათამაშება არჩია, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ შარვაშიძემ ალამთან ლელო გაიტანა, თუმცა მანამდე გვერდით ხაზს შეეხო და ჯარიმა დაგვიბრუნდა. სირბილაძემ ბურთი ამჯერადაც გაათამაშა და მარცხენა ფრთაზე გამოზომილად გადაკიდა, სადაც მას გივი სოსელია შეეგება და თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა.
30-ე წუთზე აგრესიულ დაცვას კიდევ ერთი ჯარიმა მოყვა, მაგრამ სირბილაძის 43 მეტრიდან დარტყმული მიზანს ასცდა. შემდეგ ჯერზე ჯარიმიდან ბურთი უკვე აუტში გაიგზავნა, ცრუ-მოლს დავით არჩვაძე მოწყდა, რომელმაც შარვაშიძეს იდეალური შებრუნებული გადაცემა გაუკეთა, საბამ მბოჭავი გააბითურა და იდეალურად გათამაშებული კომბინაცია ლამაზი ლელოთი დაასრულა. სირბილაძის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო – 20:5.
შესვენების წინ მეტოქემ 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და წინააღმდეგობის მიუხედავად ინგლისმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა. მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა 51-ე წუთზე ინგლისმა შეძლო კარგი შეტევის ორგანიზება, ხელდახელ ბურთი სწრაფად ჩაათამაშა და მარცხენა ფრთაზე ლელო გაიტანა, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
სამწუხაროდ ბურთზე კონტროლის დამყარება ვერც ამის შემდეგ მოხერხდა, 55-ე წუთზე დერეფნის შემდეგ ხაზი სუფთად გაიჭრა, ინგლისმა მეოთხე ლელო გაიტანა, გარდასახა და 4 ქულით დაწინაურდა. 66-ე წუთზე კარიდან დაახლოებით 25 მეტრში დავჯარიმდით, მეტოქემ აღარ გარისკა, კარში დარტყმა ირჩია და 27:20 დაწინაურდა.
უმცროსი ბორჯღალოსნები არ დანებდნენ, ბოლო წუთზე საკუთარი 5-მეტრიანიდან ხელდახელ შეუტიეს და დაახლოებით 70 მეტრი იარეს. იქ ინგლისი დაჯარიმდა, ბურთი აუტში გადავიტანეთ და მოლი ავაგორეთ, რომელმაც ლელომდე მანძილი თითქმის დაფარა, მაგრამ ჩაიქცა, ბურთი გაიჭედა და ინგლისმა 7-ქულიანი გამარჯვებით გაიხარა.
საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე დასკვნით მატჩს 20 აგვისტოს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ირლანდიასთან, პაარლის ვაჟთა სკოლის მოედანზე გამართავს.
18-წლამდელების საერთაშორისო სერია
სამხრეთ აფრიკა. 16 აგვისტო. პაარლის გიმნაზია
საქართველო – ინგლისი 20:27 (20:10)
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);
შერკინება: 1. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო);
მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 17. დაჩი ჭელიძე (ლელო), 18. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. გიორგი ზაზაძე (ხარები); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. თემურ ძოძუაშვილი (აია), 23. იოანე ბასილაია (ლელო), 24. დავით არავიაშვილი (არმაზი), 25. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 26. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 27. ლუკა თვაური (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
3 ლელო: ხალვაში, სოსელია, შარვაშიძე
1 გარდასახვა: სირბილაძე
1 ჯარიმა: სირბილაძე
RUGBY.GE