ფეხბურთი

16:14 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: "მამარდაშვილზე ჯერ შემოთავაზება არ ყოფილა, ის მზადაა "ბარსელონასთან" ითამაშოს"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა, რომელსაც „ლივერპულს“ უკავშირებენ. ბარახამ არაფერი დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ვალენსიას“ ჯერ შეთავაზება არ მიუღია.

„მამარდაშვილის სიტუაცია ძალიან მარტივადაა: ის ჩვენი ფეხბურთელია და სანამ სხვა სიტუაცია არ არის, არ ვაპირებ რამის შეფასებას, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. როცა იქნება, მერე გავაკეთებ კომენტარს. გიორგი „ვალენსიას“ ფეხბურთელია და მზადაა ხვალ ითამაშოს. როცა სატრანსფერო ბაზარი ღიაა, კლუბები ვაჭრობენ, ეს ბუნებრივია, მაგრამ ხვალინდელ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ის აქ არის და მზადაა მონაწილეობა მიიღოს. ფეხბურთელი რომ წავიდეს, უნდა ჰქონდეს სურვილი და უნდა მივიღოთ შემოთავაზება, რაც ჯერ არ ყოფილა და არ შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, რაც ჯერ არ მომხდარა.

გიორგის კონტრაქტი აქვს და სანამ შემოთავაზება არ იქნება ან კონტრაქტს სხვა კლუბთან არ გააფორმებს, ჩვენი ფეხბურთელია, ის თამაშზე ფიქრობს. იგივე ეხება ხავი გერას, რომელსაც ჰქონდა სხვა კლუბთან შეთანხმება, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 100 მატჩი ჩაატარა. მას „ლივერპულს“ უკავშირებენ, მაგრამ თუ ტრანსფერი შედგა, ჯერ იჯარით „ბორნმუთში“ გადასვლა მოუწევს.

„ვალენსია“ „ბარსელონას“ 17 აგვისტოს დაუპირისპირდება.

0.110992