ფეხბურთი

0:45 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის კარგი დებიუტი ლა ლიგა 2-ში, თუმცა "გრანადა" დამარცხდა (+VIDEO)
ქართველი ფეხბურთელი ყველაზე აქტიური იყო და სამჯერ გოლის გატანა შეეძლო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ახალი სეზონი დაიწყო და „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა.

ქართველმა ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი „ალბასეტესთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა. „გრანადა“ 29-ე წუთზე მიგელ რუბიოს გოლით დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ორჯერ გაუშვა და მეორე ნახევარში სიტუაცია ვეღარ შეცვალა.

რაც შეეხება წიტაიშვილს, ის მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოქმედებდა და ცალსახად ყველაზე აქტიური იყო. გიორგის 28-ე წუთზე შეეძლო გოლის გატანა, თანაც ძალიან ლამაზის, მაგრამ მისი ეფექტური დარტყმა ხარიხას მოხვდა. ქართველი გოლთან ახლოს 38-ე წუთზეც იყო, თუმცა კარგ პოზიციაში მყოფმა პასი გააკეთა, რომელიც თანაგუნდელმა ვერ გამოიყენა და კარგი მომენტი უგოლოდ დასრულდა. 59-ე წუთზე უკვე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა გიორგიმ, ამჯერად ბურთი მეკარემ მოიგერია. წიტაიშვილმა 7.3 შეფასება მიიღო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

„გრანადა“ ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში 24 აგვისტოს, სტუმრად „ფეროლს“ დაუპირისპირდება.

0.137369