ფეხბურთი

23:35 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" კონფერენს ლიგას გამოეთიშა: ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა

ქართული კლუბებისთვის 2024-2025 წლების ევროსეზონი დასრულდა. ბოლო კლუბი, რომელიც ევროტურნირებს შემორჩა, „იბერია“ იყო, მაგრამ თურქული „ბაშაკშეჰირი“ ლევან კორღალიძის გუნდისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

„იბერიამ“ ერთი კვირის წინ თბილისში 0:1 წააგო, ხოლო ამჯერად სტამბოლში დამარცხდა 0:2. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 0:3 მარცხი განიცადა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თბილისურმა კლუბმა გამოცდილ და ძლიერ მეტოქეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეორე ნახევარში კლასმა მაინც თავისი გააკეთა.

50-ე წუთზე კშიშტოფ პიონტეკმა გახსნა ანგარიში სტანდარტის შემდეგ და საჯარიმოში არეულობის შედეგად. 12 წუთში უკვე ბერძენმა ლეგიონერმა დიმიტრიოს პელკასმა სხვაობა ორამდე გაზარდა და თამაშს ყველანაირი ინტრიგა მოუკლა.

ამრიგად, „იბერია“ დაემშვიდობა კონფერენს ლიგას, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ალბანური „პარტიზანი“ დაამარცხა, ხოლო მესამე წრეში „ბაშაკშეჰირთან“ ვერაფერი გააწყო.

0.116073