რაგბი

16:16 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 16 აგვისტოს პაარლის გიმნაზიის მოედანზე ინგლისს ჩვენი დროით 15:30 საათზე ეთამაშება.

პირველ მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას შეხვდნენ და მასპინძლებმა 20:3 მოიგეს, ინგლისს კი ირლანდიამ 42:28 მოუგო.

სამწუხაროდ, აფრიკელებთან მატჩში ორივე მარჯვენა ბურჯი დაშავდა – გიორგი ტურაშვილი და ნიკოლოზ კუმარიტოვი. მათ სამშობლოში მოუწიათ დაბრუნება, აფრიკაში კი ‘ყოჩების’ ბურჯი არჩილ ნოზაძე ჩავიდა, რომელიც ინგლისთან მატჩს მარქაფიდან იწყებს.

პირველი თამაშის შემდეგ სასტარტო 15-ში რვა მოთამაშე შეიცვალა. ცენტრში თამაშს იწყებს დავით ბარბაქაძე, ფრთაზე გივი სოსელია დადგება, 9 ნომერი კი დავით წიკლაური იქნება. შეიცვალა ორივე ბურჯი და ძირითადში ნიკოლოზ ოლქიშვილს და ლევან ეზიეშვილს ვიხილავთ; მეორე ხაზში ნიკოლოზ ჩხორთოლია დაწინაურდა, ხოლო მესამე ხაზში ლუკა საღინაძე და მიხეილ შიოშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი 18-წლამდელები წელს ინგლისს ერთხელ უკვე ეთამაშნენ. იტალიაში, პარმაში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე, შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კონტრშეტევის შედეგად გარდასახული ლელო მიიღეს და მეტოქემ 26:19 გაიმარჯვა.

ამჟამინდელი დამწყებებიდან მაშინ სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე იყო: ნიკოლოზ ხალვაში, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, გიგი სირბილაძე, დავით წიკლაური, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ლუკა გაბუნია და ლუკა საღინაძე.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 16 აგვისტო. პაარლის გიმნაზია

საქართველო – ინგლისი (15:30 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო);

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 17. დაჩი ჭელიძე (ლელო), 18. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. გიორგი ზაზაძე (ხარები); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. თემურ ძოძუაშვილი (აია), 23. იოანე ბასილაია (ლელო), 24. დავით არავიაშვილი (არმაზი), 25. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 26. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 27. ლუკა თვაური (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

RUGBY.GE

0.133933