ფეხბურთი

1:06 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" სეზონი ტიტულით დაიწყო, მბაპემ - გოლით

მადრიდის „რეალმა“ სეზონი ტიტულით გახსნა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ევროპის სუპერთასზე ვარშავაში ბერგამოს „ატალანტა“ დამაჯერებლად დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ბოლო გამარჯვებულების დაპირისპირება დაძაბული მხოლოდ პირველ ტაიმში იყო, როცა გუნდებმა თითო რეალური საგოლე მომენტი გაცვალეს. მეორე ნახევარში კი, სიტუაცია შეიცვალა, „სამეფო კლუბი“ აბსოლუტურად დომინანტი იყო.

„რეალი“ 59-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ დააწინაურა, რომელმაც ვინისიუსის შესანიშნავი მოქმედების შემდეგ ცარიელ კარში ადვილად გაიტანა. მალევე ვინისიუსს შეეძლო გატანა, მაგრამ ხუან მუსოს პირისპირ ვერ აჯობა. სამაგიეროდ, 68-ე წუთზე ესპანურმა გრანდმა მეორე მაინც გაიტანა. და, გაიტანა კილიან მბაპემ! ფრანგმა ვარსკვლავმა სადებიუტო შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და მადრიდული კარიერა იდეალურად დაიწყო: გოლით და ტიტულით.

„რეალმა“ ევროპის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო, რითაც „ბარსელონას“ და „მილანის“ შედეგი გააუმჯობესა. ექვსჯერ ეს ტურნირი „რეალის“ გარდა, არავის მოუგია.

„რეალი“ – „ატალანტა“ 2:0 (0:0)

ვარშავა, ოლიმპიური სტადიონი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (ვასკესი 88), მილიტაო, რიუდიგერი, მენდი; ვალვერდე, ჩუამენი, ბელინგემი (სებალიოსი 88); როდრიგო (მოდრიჩი 76), მბაპე (დიასი 83), ვინისიუსი (არდა გიულერი 88)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ატალანტა“ (3-4-3): მუსო; ჰიენი (პალესტრა 90), ჯიმსიტი, კოლაშინაცი (ბაკერი 70); ძაპაკოსტა (გოდფრი 63), ედერსონი, დე რუნი, რუჯერი; დე კეტელარე (რეტეგი 62), ლუკმენი; პაშალიჩი (მანძონი 90)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ვალვერდე (59), 2:0 მბაპე (68)

გაფრთხილება: ბელინგემი (35), ვინისიუსი (42) - ედერსონი (9), ჯიმსიტი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 8 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: სანდრო შერერი (შვეიცარია)

0.135465