ფეხბურთი

21:29 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" გეგმა მამარდაშვილზე: ჯერ იჯარა, მერე კონტრაქტი
მამარდაშვილი "ბორნმუთში" გადასვლას დათანხმდა

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, რომ „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისურ „ბორნმუთში“ ორი წლით იჯარით თამაშს დათანხმდა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, გიორგი თანახმაა „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ვინაიდან ჯერ ალისონის პოზიცია ინგლისურ გრანდში ურყევია, გიორგის გაანათხოვრებენ, რათა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. AS-ის ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება, რადგან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, ხოლო „ლივერპული“ „ვალენსიას“ წარუდგენს წინადადებას, რომელიც კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმისთვის მისაღები იქნება.

ესპანური გაზეთი იმასაც წერს, რომ გიორგის ხელფასი ინგლისში სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება. რაც შეეხება "ბორნმუთს", სამი მეკარე ჰყავს, მათ შორის, 35 წლის ბრაზილიელი ნეტო, რომელსაც "იუვენტუსში", "ვალენსიაში" და "ფიორენტინაში" თამაშის გამოცდილება აქვს.

გარდა ამისა, ფაბრიციო რომანოც იტყობინება, რომ მამარდაშვილი კარიერას „ბორნმუთში“ გააგრძელებს, ოღონდ ის საუბრობს არა ორწლიან, არამედ ერთწლიან იჯარაზე, ხოლო „ლივერპულის“ ფეხბურთელი ოფიციალურად/ფორმალურად ქართველი 2025 წლის ზაფხულში გახდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ინგლისურ კლუბს არ შეუძლია ფეხბურთელი დაარეგისტრიროს და შემდეგ იმავე სატრანსფერო ფანჯარაში სხვა ინგლისურ კლუბში გაანათხოვროს. "ლივერპულის" გეგმა ასეთია, რომელსაც მამარდაშვილი დათანხმდა, ახლა მთავარი კლუბებს შორის შეთანხმებაა.

ამრიგად, ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს და საბოლოოდ გაირკვეს. ფაქტი ისაა, რომ გიორგი მამარდაშვილის ვალენსიური თავგადასავალი სამი სეზონით და 100 მატჩით სრულდება.

0.117419