რაგბი

20:35 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

რაგბი ევროპამ 2025 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე მონაწილეობას 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა), რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაიმართება.

მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ორის ნაცვლად ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ასვლა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო ა ჯგუფში ესპანეთთან, ნიდერლანდებთან და დებიუტანტ შვეიცარიასთან ითამაშებს (დაქვეითებული პოლონეთის ნაცვლად). ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 1 ან 2 თებერვალს საქართველო შვეიცარიას უმასპინძლებს; 8 ან 9 თებერვალს ნიდერლანდებს მიიღებს; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 15 ან 16 თებერვალს ესპანეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალური ეტაპის თამაშები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ოთხი ფინალი (ყველა ადგილისთვის) კი 16 მარტსაა ჩანიშნული.

2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა იმ 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

I ტური. 1-2 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია

ესპანეთი – ნიდერლანდები

პორტუგალია – ბელგია

რუმინეთი – გერმანია

II ტური. 8-9 თებერვალი

საქართველო – ნიდერლანდები

შვეიცარია – ესპანეთი

პორტუგალია – გერმანია

ბელგია – რუმინეთი

III ტური. 15-16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

ნიდერლანდები – შვეიცარია

რუმინეთი – პორტუგალია

გერმანია – ბელგია

RUGBY.GE

0.136442