ჭიდაობა

16:07 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "რთული შეხვედრები იყო, მაგრამ კარგია, რომ ამჯერად გამარჯვებით დავასრულე"

პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებულმა, ახლა უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„მინდა, პირველ რიგში გამარჯვება მოვულოცო, ძალიან მაგარ ბიჭებს, ორივე ლაშას, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებს და მომავალ ოლიმპიადაზე კიდევ ერთი გამარჯვება ვუსურვო. ძალიან ბედნიერი ვარ, ოქროს მედლით დავბრუნდი, რთული შეხვედრები იყო, ტოკიოშიც რთული შეხვედრა დავთმე და კარგია, რომ ახლა გამარჯვებით დავასრულე“, - აღნიშნა გენომ.

კომენტარი გააკეთა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემაც:

„ჩემმა გუნდმა კარგად იასპარეზა, 4 მოჭიდავიდან ორი ფინალი ვიჭიდავეთ, ორი მედლით დავბრუნდით საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბიჭებმა თავიანთი ქვეყნის სასახელოდ ყველაფერი გააკეთეს“, - თქვა იანტბელიძემ.

შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი, ამჯერად კი პარიზში - ოქრო.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. საქართველო მედლების ჩათვლაში 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა.

0.105177