ფეხბურთი

14:57 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: "ლივერპული" შეტევისთვის ემზადება, მამარდაშვილის იჯარით დამატება ოთხ ინგლისურ კლუბს სურს

ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, რომ „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეტევისთვის ემზადება.

ცნობილი გაზეთის ცნობით, „ვალენსიას“ მოთხოვნა 40 მილიონი ევროა, მაგრამ გარიგება შეიძლება შედგეს ამ თანხაზე ოდნავ ნაკლებ ფასში. ესპანელები საბოლოო შეთავაზებას ელოდებიან და მზად არიან ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში გაყიდონ, რაზეც მამარდაშვილიც თანახმაა. ინგლისელებისგან შეთავაზება კი, უახლოეს დღეებში უნდა გაკეთდეს.

თუმცა, გიორგი თავიდანვე „ლივერპულში“ თამაში არ მოუწევს, რადგან ალისონ ბეკერს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და „წითლებში“ დარწმუნებული არიან, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

„ლივერპულის“ გეგმაა, რომ მამარდაშვილი ახლა იყიდონ, მაგრამ კლუბში 2025 წლის ზაფხულში მიიყვანონ, მანამდე კი, იჯარით გაუშვან. AS-ი წერს, რომ არის „ვალენსიაში“ იჯარით დარჩენის ვარიანტიც, მაგრამ თუ ტრანსფერი შედგება, მაშინ ეს გადაწყვეტილება მთლიანად „ლივერპულის“ ხელში იქნება. თავის მხრივ, წყაროს თანახმად, პრემიერლიგის ოთხი კლუბი დაინტერესებულია ქართველი მეკარის იჯარით დამატებით და ლივერპულშიც ურჩევნიათ, რომ ის ინგლისში გაანათხოვრონ, რათა პრემიერლიგასთან ადაპტირება მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 100 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.123404