სხვა

19:37 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველოს შესანიშნავი შედეგი
აშშ-მ ჩინეთს ბოლო მედლით გაასწრო

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა, ყველა მედალი გათამაშდა. საქართველომ გამოსვლა 7 მედლით (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) დაასრულა და მედლების ჩათვლაში ძალზე საპატიო, 24-ე ადგილი დაიკავა.

ზოგადად, მედლების ხარისხით ეს ოლიმპიადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია და გაუმჯობესდა 2008 წელს პეკინში მიღწეული შედეგი (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო). რაოდენობით კი, საუკეთესო ისევ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაა (8 მედალი), თუმცა, მთავარი ხარისხია ოლიმპიადაზე და არა რაოდენობა.

საქართველომ როგორც სპორტული, ისე სოციალური თვალსაზრისით ბევრ ძალზე განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ ერთი ოქროს მედლით მეტი რომ გვქონოდა, ჩვენი დელეგაცია მე-18 პოზიციას დაიკავებდა.

მედლების ჩათვლა ამერიკამ მოიგო, ჩინეთს ვერცხლის მედლების რაოდენობით აჯობა, რადგან ორივემ 40-40 ოქრო მოიპოვეს. სხვათა შორის, აშშ-მ ბოლოს მოახერხა ჩინეთის გადასწრება, როცა აშშ-ს ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში აჯობა საფრანგეთს და ოქრო მოიპოვა, თორემ ჩინეთი იქნებოდა ლიდერი. სწორედ ქალთა საკალათბურთო ტურნირით გათამაშდა ბოლო მედალი.

ათეულში ყველაზე საინტერესო ალბათ, იაპონიის შედეგია, რომელიც 20 ოქროს მედლით მესამე ადგილზე გავიდა. მათ 20-დან 11 მედალი ძიუდოსა (3) და ჭიდაობაში (8) მოიპოვეს. მასპინძელი საფრანგეთი მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჯამში ოქროს მედალი 63 ქვეყნის აქტივშია, ხოლო მინიმუმ ერთი მედალი, ნებისმიერი ხარისხის, 91-მა ქვეყანამ მოიპოვა.

ოლიმპიადაზე სულ 206 ქვეყანა მონაწილეობდა (მათ შორის, ნეიტრალური სახელით მოასპარეზე სპორტსმენები და ლტოლვილთა გუნდი), ასე რომ, 24-ე ადგილი მართლაც კარგი შედეგია.

მედლების ჩათვლა

1. აშშ - 40 ოქრო, 44 ვერცხლი, 42 ბრინჯაო (სულ 126 მედალი)

2. ჩინეთი - 40 ოქრო, 27 ვერცხლი, 24 ბრინჯაო (91)

3. იაპონია - 20 ოქრო, 12 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (45)

4. ავსტრალია - 18 ოქრო, 19 ვერცხლი, 16 ბრინჯაო (53)

5. საფრანგეთი - 16 ოქრო, 25 ვერცხლი, 22 ბრინჯაო (63)

6. ნიდერლანდები - 15 ოქრო, 7 ვერცხლი, 12 ბრინჯაო (34)

7. დიდი ბრიტანეთი - 14 ოქრო, 22 ვერცხლი, 29 ბრინჯაო (65)

8. სამხრეთ კორეა - 13 ოქრო, 9 ვერცხლი, 10 ბრინჯაო (32)

9 იტალია - 12 ოქრო, 13 ვერცხლი, 15 ბრინჯაო (40)

10. გერმანია - 12 ოქრო, 13 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (33)

11. ახალი ზელანდია - 10 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (20)

12. კანადა - 9 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო (27)

13. უზბეკეთი - 8 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (13)

14. უნგრეთი - 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (19)

15. ესპანეთი - 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (18)

16. შვედეთი - 4 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (11)

17. კენია - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (11)

18. ნორვეგია - 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (8)

19. ირლანდია - 4 ოქრო, 0 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (7)

20. ბრაზილია - 3 ოქრო, 7 ვერცხლი, 10 ბრინჯაო (20)

...24. საქართველო - 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (7)

მედლების ჩათვლის საბოლოო და სრული რეიტინგი...

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა.

0.115111