ჭიდაობა

15:10 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციას მე-3 ვერცხლის მედალი მოუტანა. მაჭარაშვილმა ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვთან ვერაფერი გააწყო და 2 წუთზე ნაკლებ დროში დამარცხდა.

გივიმ შეტევა თვითონ დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, მეტოქემ კონტრშეტევაზე დაიჭირა და საბოლოო ჯამში მოიგო. ორგზის ევროპის ჩემპიონისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იყო. მისი ფინალით კი ქართველმა სპორტსმენებმა გამოსვლა დაასრულეს.

გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს შეხვდა, რომელიც ასევე სუფთად, 12:2 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი, მურაზ მჭედლიძე 4 წუთზე ნაკლებ დროში სუფთად, 11:0 დაამარცხა. ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი და ფავორიტი, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაჯაბნა.

27 წლის მაჭარაშვილი ორგზის ევროპის ჩემპიონი და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, მაგრამ ცხადია, პარიზის ოლიმპიადაზე კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115825