კალათბურთი

1:21 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დრიმ თიმი" ოლიმპიური ჩემპიონია

„დრიმ თიმი“ ოლიმპიური ჩემპიონია. აშშ-ს ნაკრებმა ფინალში მასპინძელი საფრანგეთი დაძაბულ ბრძოლაში 98:87 დაამარცხა.

ფრანგებმა ბოლომდე იბრძოლეს, არაფერი დაუთმეს უძლიერეს მეტოქეს და შეხვედრის დასრულებამდე არ დანებდნენ, მაგრამ უფრო მაღალმა კლასმა თავისი გააკეთა.

ამერიკამ პირველი ტაიმის შემდეგ მოიპოვა 8-ქულიანი უპირატესობა, რომელიც მერე ხელიდან აღარ გაუშვია და ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში მე-17-ედ გახდა.

გამარჯვებულთა შორის სტეფ კარი იყო საუკეთესო, რომელმაც 24 ქულა და 5 პასი მიითვალა. საფრანგეთს ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა, რომელმაც 26 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, გერშონ იაბუსელემ 20 ქულა მიითვალა, მაგრამ მთლიანობაში ამერიკელებმა უფრო გუნდური კალათბურთი აჩვენეს. მაგალითად, დევინ ბუკერმა და კევინ დურანტმა 15-15, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 14 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, კევინ დურანტი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ოლიმპიადა 4-ჯერ მოიგო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სტეფ კარის საოცარი თამაში, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის, ზედიზედ 4 თამაშის საკვანძო მომენტში, ბოლო მეოთხედში, როცა საფრანგეთმა ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება შეძლო - მერე კარის შეჩერება შეუძელებელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი სერბეთმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიას აჯობა.

საფრანგეთი - აშშ 87:98 (15:20, 26:29, 25:23, 21:26)

0.125381