ჭიდაობა

20:43 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია!

თავისუფალ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი ფინალშია და მედალი გაინაღდა!

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი და ფავორიტი, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა! ზოგადად, გივიმ სამივე შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდა.

ნახევარფინალში გივიმ პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მეორე პერიოდის სტარტზე ორჯერ ორქულიანი გდება გააკეთა და მერე უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა. ფინალში ქართველის მეტოქე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვი იქნება. ფინალური ბლოკი 11 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება.

გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს შეხვდა, რომელიც ასევე სუფთად, 12:2 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი, მურაზ მჭედლიძე 4 წუთზე ნაკლებ დროში სუფთად, 11:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

0.119282