ჭიდაობა

22:46 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარიერის გვირგვინი: გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!!!
გენოს ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი აქვს!

სამი ოლიმპიადა, ჯერ ბრინჯაო, შემდეგ ვერცხლი და ახლა ოქრო! გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია, რაც მისი დიდებული კარიერის გვირგვინია.

ფინალი ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ უდრამატულესი გამოდგა, საოცრად დაძაბული, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ზარემ თავიდან ხალიჩიდან გაიყვანა გენო და 1:0 დაწინაურდა. ირანელმა იგივეს გაკეთება ცოტა ხანში სცადა, მაგრამ კონტრშეტევაზე პეტრიაშვილმა მეტოქე დაიჭირა და 4 ქულა მოიპოვა. შემდეგ ქართველი ფეხში შევიდა, რასაც კიდევ 6 ქულის აღება მოჰყვა და 10:1 მოიგო პირველი პერიოდი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ანგარიში 12:1 იყო, რაც სუფთა გამარჯვებას ნიშნავდა, გენომ იზეიმა კიდეც, მაგრამ ირანელებმა ჩელენჯი მოითხოვეს და 2 ქულა ქართველს ჩამოაკლეს. შედეგად, ბრძოლა გაგრძელდა.

მეორე პერიოდში ირანელმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, რითაც ისარგებლა და რამდენიმე გდება გააკეთა, რითაც შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 10:9. საბედნიეროდ, გენომ დარჩენილ დროში უპირატესობა შეინარჩუნა და მოიგო!

ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ძალიან დამაჯერებლად 7:0 მოუგო.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილმა და თურქმა ტაჰა აკგულმა მოიპეს. აღსანიშნავია, რომ ტაჰამ კარიერა დაასრულა.

მოგეხსენებათ, გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი, ამჯერად კი პარიზში - ოქრო.

გენო პეტრიაშვილი მესამე ქართველია ნინო სალუქვაძის და ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ, ვისაც ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

0.120624