სხვა

0:31 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამედ ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ ოლიმპიური ჩემპიონია! 2016 წელს რიოში, 2021 წელს ტოკიოში და 2024 წელს - პარიზში. ქართველმა ძალოსანმა ქართული სპორტის ისტორია დაწერა.

ის პირველი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი სამჯერ გახდა. +109 კგ წონით კატეგორიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშამ პირველობა არავის დაუთმო.

ლაშას ამჯერად ბრძოლა მოუწია, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. ატაცში მან 210 და 215 კგ დაძლია, ხოლო 220 კგ ვერ დააფიქსირა და ამ კონკრეტულ დისციპლინაში მეორე შედეგი აჩვენა, თუმცა აკვრაში უპირატესობა არავის დაუთმო. მან ჯერ 247 კგ დააფიქსირა, მერე 255 კგ.

მესამე ცდაზე ლაშა ფიცარნაგზე არ გასულა, რადგან ამის საჭიროება არ ჰქონია - უკვე ჩემპიონი იყო.

საერთო ჯამში ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი 470 კგ-ით გახდა, მეორე ადგილზე სომეხი ვარაზდათ ლალაიანი გავიდა 467 კგ-ით, ხოლო ბრინჯაო ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე სომეხი გორ მინასიანი გავიდა 461 კგ-ით.

30 წლის ქართველ ძალოსანს სამჯერ აქვს მოგებული ოლიმპიადა, გარდა ამისა, 7-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონია და 7-ჯერ ევროპის ჩემპიონი. სამი ოლიმპიური ოქრო კი, ძალოსნობაში ქართველებიდან მხოლოდ კახი კახიაშვილს აქვს, მაგრამ ორი საბერძნეთის სახელით (1996-2000).

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ლაშა ტალახაძე პირველია, ვინც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 10 აგვისტოს საქართველოს ორი ოლიმპიური ჩემპიონი გაუხდა - ლაშამდე გენო პეტრიაშვილმა მოიგო ოქრო, რაც ასევე ისტორიული ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

0.11381