სხვა

14:50 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯების შეცდომა წყალბურთის მეოთხედფინალურ მატჩზე: "სამარცხვინო გადაწყვეტილებაა"

წყალბურთში, ვაჟებს შორის მეოთხედფინალური მატჩი იტალიასა და უნგრეთს შორის სკანდალური გამოდგა: 2:3-ზე იტალიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა გოლი გააუქმეს და გოლის ავტორი ფრანჩესკო კონდემი 4 წუთით გააძევეს, იტალიელთა კარში პენალტი დანიშნეს და ანგარიში 2:4 გახდა.

მიზეზი ის იყო, რომ ბურთის კარში დარტყმის მომენტში იტალიელი წყალბურთელის ხელი მეტოქეს შემთხვევით სახეში მოხვდა, რაც საკმაოდ ბუნებრივი იყო. თუმცა, მსაჯებმა მომენტი VAR-ზე განიხილეს და ჩათვალეს, რომ ეს იყო ძალადობრივი მოქმედება, რაც წყალბურთში ყველაზე სერიოზული დარღვევაა.

დამსწრე პუბლიკამ მსაჯების გადაწყვეტილება ვერ გაიგეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა - იტალიელთა გოლი გაუქმდა, წყალბურთელი გაუძევეს და იტალიის კარში პენალტიც დაინიშნა. ამრიგად, 3:3-დან ჯერ ანგარიში 2:3 გახდა, მერე უნგრელებმა პენალტი გაიტანეს და უპირატესობა გაზარდეს - 4:2. საბოლოოდ მატჩი 9:9 დასრულდა, პენალტები უნგრელებმა 3:1 მოიგეს. არადა, მსაჯების შეცდომა რომ არა, ლოგიკურად თამაში იტალიის სასარგებლოდ 10:8 დასრულდებოდა.

„კონდემის გაძევება საშინელი და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, ეს მსაჯებსაც ვუთხარი. არ ვამბობ, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, მაგრამ შეფასებაში შეცდომა დაუშვეს, ძალიან სერიოზული, რადგან დარტყმის დროს შეუძლებელია ძალადობრივი თამაში, ყველაფერი წამის მეასედში მოხდა, შემთხვევით. სხვა არაფერია სათქმელი, ვამაყობ, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ“, - თქვა იტალიის ნაკრების მწვრთნელმა სანდრო კამპანიამ.

აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა ოფიციალურად გააპროტესტეს შედეგი და მატჩის გადათამაშება მოითხოვეს, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. სამაგიეროდ, იტალიელი წყალბურთელი კონდემი დისკვალიფიკაციით არ დასაჯეს, რაც ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მსაჯებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს.

0.119702